ახალი ამბები

ტექდათვალიერების არგავლისთვის მძღოლები არ დაჯარიმდებიან – თურნავა

24 მარტი, 2020 • 4543
ტექდათვალიერების არგავლისთვის მძღოლები არ დაჯარიმდებიან – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს, 24 მარტს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში არ დაჯარიმდებიან მძღოლები, რომლებიც გეგმურ ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან.

ნათია თურნავას ბრიფინგზე მძღოლების დაჯარიმაბასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. კონკრეტულად, როდესაც ავტომობილებს ტექდათვალიერებისას უდგენენ ხარვეზს, მძღოლები კი ვერ ახერხებენ ხარვეზის გამოსწორებას, რადგან დაკეტილია როგორც ავტომობილების ნაწილების მაღაზიები, ისე – სახელოსნოები. შესაბამისად, ისინი ვერ მოახერხებენ ამ ხარვეზის გამოსწორებას და ტექდათვალიერების გავლას.

აღნიშნულთან დაკავშირებით თურნავამ თქვა:

“ჩვენ დავუშვით და არ აგვიკრძალავს ტექინსპექტირების სერვისების ფუნქციონირება და ისინი მოემსახურებიან როგორც იურიდიულ, ისე – ფიზიკურ პირებს. რაც შეეხება ჯარიმებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ და ეს არის გადავადებული. ეს იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოს ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოაცხადა, რაც 21 აპრილამდე გაგრძელდება. საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეზღუდულია კაფე-რესტორნებისა და ისეთი მაღაზიების მუშაობა, რომლებიც საკვები პროდუქტებით არ ვაჭრობენ.

24 მარტის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 67 ადამიანს, საიდანაც 9 გამოჯანმრთელდა. კარანტინში 4 ათასზე მეტი ადამიანია მოთავსებული, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 250-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი