თბილისის მერიის განცხადებით, ორგანიზატორები კონკურსანტებს ორ მიმართულებას სთავაზობენ: საზოგადოებრივი (საჯარო) სივრცის კონცეფციის შექმნა (მოედანი, ქუჩა, პარკი, სკვერი და სხვა) და გაუქმებული/მიტოვებული, ნანგრევი ან მთლიანად დანგრეული ადგილის განვითარების ხედვა (მაგ. ძველი საწარმოო შენობები, უფუნქციო შენობა-ნაგებობები, ნანგრევები, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძველი ისტორული ან/და კულტურული შენობები/ძეგლები და სხვა).
“კონკურსის მიზანია თბილისის არქიტექტურისა და დედაქალაქის განვითარებაში აქტიურად ჩაერთონ სტუდენტები, რომელთაც საშუალება ეძლევათ საკუთარი იდეები საინტერესოდ წარმოაჩინონ და არქიტექტურულ-ურბანულ-სივრცით ჭრილში ინოვაციური პროექტები შექმნან,”– ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მერიის ცნობით, საკონკურსო წინადადებები მიიღება 2015 წლის 1 სექტემბრიდან – 9 ოქტომბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე, თბილისის განვითარების ფონდის ოფისში, მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქ. N48, მე-2 სართული. მათივე განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაბამისი პროფილის სტუდენტებს შეუძლიათ.
მერიის ცნობით, კონკურსის საპრიზო ფონდი, ჯამშ,ი 14 000 ლარს შეადგენს, სადაც გამარჯვებული იდეის ავტორი 7 ნომინაციაში გამოვლინდება; პირველ და მეორე ადგილზე გასული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით, თითოეული 4 000 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ნომინანტებს ფასიანი პრიზები გადაეცემათ.
მერიის განცხადებით, კონკურსის შედეგების გამოცხადება და საუკეთესო პროექტების ავტორების დაჯილდოება მოხდება ოქტომბერში თბილისობის დღესასწაულზე.
