აშშ-ის ინფექციური დაავადებებისა და ალერგიის ცენტრის დირექტორი, დოქტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ჰოსპიტალიზაცია იმაზე მეტ ახალგაზრდა პაციენტს სჭირდება, ვიდრე ამას ჯანდაცვის სპეციალისტები ელოდნენ.
როგორც nbcnews წერს, ეს კომენტარი ფაუჩიმ CDC-ის ახალი მონაცემების შეფასებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში შესწავლილი 4 000-ზე მეტი შემთხვევიდან ჰოსპიტალიზებული პაციენტების 40% 20-დან 54 წლამდე ასაკისაა. ამასთან, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყველაზე კრიტიკული მდგომარეობით გადაყვანილთა 12 პროცენტი 20-44 წლის იყო, 36% კი – 45-64-ის.
ენტონი ფაუჩის თქმით, დემოგრაფიულად დიდი გნასხვავებაა აშშ-ის მაჩვენებლებსა და ჩინეთის, ასევე ევროპის შემთხვევებს შორის, რადგან როგორც მონაცემები აჩვენებს, ჩინეთში მეტი საფრთხის ქვეშ ასაკოვანი ან/და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები იყვნენ:
“ჩვენ ახლა ვაკვირდებით ახალგაზრდებს, რომლებიც მძიმედ არიან ევროპის კონტინგენტიდან და უნდა დავრწმუნდეთ, ხომ არ არის ეს რაიმე თანმხლები დაავადებით გამოწვეული. თუმცა, თუ ასე არ აღმოჩნდება, უნდა ვიკვლიოთ, რატომ გვაქვს ჩინეთისგან განსხვავებული სურათი”, – ამბობს ფაუჩი.
რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, გამოცემის ცნობით, აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა 80% 65 წლის ან მეტის იყო. მათ შორის სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 85 წელს გადაცილებულთა შორის დაფიქსირდა.