ახალი ამბები

თავშესაფარში მიტოვებული და გარდაცვლილი მოხუცები ვიპოვეთ – ესპანეთის თავდაცვის მინისტრი

24 მარტი, 2020 • 3050
თავშესაფარში მიტოვებული და გარდაცვლილი მოხუცები ვიპოვეთ – ესპანეთის თავდაცვის მინისტრი

ესპანეთის სამხედროებმა, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულები არიან, მოხუცთა თავშესაფარში მიტოვებული და ზოგ შემთხვევაში, გარდაცვლილი მოხუცები იპოვეს. ამის შესახებ BBC ესპანეთის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, სამხედროები ჯანდაცვის უწყებებს, მათ შორის, სხვადასხვა შენობის დეზინფექციაში ეხმარებიან. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს მათ თავშესაფარში მიტოვებული და ზოგ შემთხვევაში თავიანთ საწოლებში გარდაცვლილი მოხუცები იპოვეს.

მინისტრის თქმითვე, თაფშესაფარს პერსონალი კორონავირუსის გამო ტოვებს.

გარდაცვალების შემდეგ ესპანეთში მოქალაქეთა ცხედრები, როგორც წესი, სპეციალურ ცივ სათავსში გადააქვთ. თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში ეს წესი იცვლება: თუ გარდაცვალებისას COVID 19-ის ეჭვი არსებობს, ცხედარს საწოლში ტოვებენ მანამ, სანამ შესაბამისად ეკიპირებული პირები არ მოვლენ. ამისთვის ზოგჯერ 24 საათია საჭირო.

ესპანეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც კორონავირუსმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა. ბოლო მონაცემებით, აქ COVID-19-ის 35 136 შემთხვევა დაფიქსირდა, 2 311 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 3 355 გამოჯანმრთელდა.

გარეკანი ფოტო: მადრიდში საგამოფენო პავილიონი საველე ჰოსპიტლად გადააკეთეს/ EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი