ახალი ამბები

ბერძენიშვილი “იმედზე” გადაცემების დახურვაზე: ხელმძღვანელობის პასუხი დამაჯერებელი არ არის

31 აგვისტო, 2015 •
ბერძენიშვილი “იმედზე” გადაცემების დახურვაზე: ხელმძღვანელობის პასუხი დამაჯერებელი არ არის

“ახალი საინფორმაციო–პოლიტიკური სეზონის წინ ორი წამყვანი, ყველაზე პოპულარული გადაცემის დახურვა, რა თქმა უნდა, არის მოულოდნელი. რა თქმა უნდა, დამაჯერებელი არ არის ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის პასუხი. მაინტერესებს, მფლობელების პასუხი როგორი იქნება. როდესაც დაქირავებული მენეჯერები საუბრობენ მფლობელების ნაცვლად, იქნება ეს ერთ დიდ ტელევიზიაში, თუ მეორე დიდ ტელევიზიაში, ეს არის ღიმილის მომგვრელი, ილაპარაკონ მფლობელებმა “რუსთავი 2″–ზეც  და “იმედზეც”,”– განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 

 

29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია იმედმა დახურა ორი საზოგადოებროვ–პილიტიკური ტოქ–შოუ – “იმედის კვირა” და “რეაქცია”. ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ეს ნაბიჯი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა.

 

“ორივე რეიტინგული გადაცემაა და არავითარი საფუძველი არა მაქვს ვიფიქრო, რომ მათი დახურვის მიზეზი ფორმატია. ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განუცხადა ნეტგაზეთს ინგა გრიგოლიამ.

 

“იმედი” ამ გადაწყვეტილებას გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში შემდეგნაირად ხსნის:

 

“ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი  და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან”.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ კი განაცხადა, რომ “იმედის” ოფიციალური განცხადება უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხობს.

 

“ახალი სატელევიზიო სეზონის წინ ორი რეიტინგული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუს დახურვა უარყოფითად აისახება როგორც მედიის მრავალფეროვნებაზე, ისე პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობაზე ქვეყანაში. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სეზონის გახსნის 2016 წლამდე გადატანა სატელევიზიო სივრცეში პოლიტიკური დისკურსის საკმაოდ ხანგრძლივ დეფიციტს წარმოქმნის,”– აცხადებს ქარტიის საბჭო. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი