ახალი ამბები

პოლონეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს შინ ყოფნის დასამტკიცებლად სელფის გადაღება მოუწევთ

23 მარტი, 2020 • 1208
პოლონეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს შინ ყოფნის დასამტკიცებლად სელფის გადაღება მოუწევთ

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, პოლონეთი თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს მოსთხოვს, იმის დასამტკიცებლად, რომ სახლში არიან, სპეციალური აპლიკაციით სელფი გადაიღონ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News AFP-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, ვალდებულება ექნებათ, გადმოწერონ ეს აპლიკაცია და გადაიღონ სელფი, რათა დაამტკიცონ, რომ სახლში არიან და არა გარეთ.

„თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს აქვთ არჩევანი: ან მიიღონ მოულოდნელი ვიზიტი პოლიციისგან, ან გადმოწერონ აპლიკაცია“, — აცხადებს AFP-სთან საუბარში კაროლ მანისი, პოლონეთის ციფრული სამინისტროს პრეს-სპიკერი.

როგორც CBS იუწყება, აპლიკაცია იყენებს გეოლოკაციის და სახის ამოცნობის ტექნოლოგიებს, ხოლო სელფის ითხოვს შემთხვევითობის პრინციპით.

პოლონეთში უცხოელებისთვის სახელმწიფო საზღვარი ჩაიკეტა, შეჩერდა სასწავლო პროცესი აღდგომამდე. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პოლონეთში ვირუსით დაავადების 684 შემთხვევა და 8 გარდაცვალება დაფიქსირდა.


ექსპერტებისა და შესაბამისი უწყებების რეკომენდაციების მიუხედავად, ხშირად ფიქსირდება შემთხვევები, როცა თვითიზოლაციაში მყოფი პირები თვითნებურად ტოვებენ სახლს, რითიც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნიან. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა საქართველოშიც — საპატრულო პოლიციამ ათეულობით პირი ამის გამო დააკავა.

კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • დაავადების შემთხვევა: 367,457 მსოფლიოში, 61 საქართველოში
  • გამოჯანმრთელების შემთხვევა: 100,879 მსოფლიოში, 8 საქართველოში
  • გარდაცვალების შემთხვევა: 16,113 მსოფლიოში, 0 საქართველოში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი