ევროპის საფეხბურთო ასოციაციამ — UEFA-მ მიიღო გადაწვყეტილება, უეფას ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგის და ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალები, რომლებიც მაისისთვის იყო ჩანიშნული, გაურკვეველი ვადით გადაედო. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
„ევროპაში COVID-19-ის კრიზისიდან გამომდინარე, უეფამ ფორმალურად მიიღო გადაწყვეტილება, [ფინალური] მატჩები, რომლებიც მაისისთვის იყო ჩანიშნული, გადაედო. <…> ფინალების ჩატარების ახალ თარიღებზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, — ნათქვამია განცხადებაში.
COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და რეგიონში გააუქმეს სხვადასხვა ღონისძიებები — სპორტული, კულტურული და ა.შ. მათ შორის იყო ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატებიც. გადაიდო, ამასთან ერთად, საქართველო-ბელარუსის 26 მარტისთვის ჩანიშნული შეხვედრა.
კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
- დაავადების შემთხვევა: 367,457 მსოფლიოში, 61 საქართველოში
- გამოჯანმრთელების შემთხვევა: 100,879 მსოფლიოში, 8 საქართველოში
- გარდაცვალების შემთხვევა: 16,113 მსოფლიოში, 0 საქართველოში