ახალი ამბები

ინფექციურში გადაყვანილ 4 პაციენტის შემთხვევაში შიდა გადაცემა არ ყოფილა — ენდელაძე

23 მარტი, 2020 • 1004
ინფექციურში გადაყვანილ 4 პაციენტის შემთხვევაში შიდა გადაცემა არ ყოფილა — ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, საავადმყოფოში შეიყვანეს კორონავირუსული ინფექციით — COVID-19-ით დაავადებული 4 ახალი პაციენტი. ამის შესახებ მან საავადმყოფოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„რაც შეეხება 4 ახალ ინფიცირებულს [რომელიც ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული], ეს არ არის შიდა გადაცემა, ისინი არიან ამერიკიდან ჩამოსულები, ანუ ახალი კლასტერია. მაგრამ არ არის შიდა გადაცემა. ამჟამად მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის”.

გარდა ამისა, ენდელაძე აცხადებს, რომ ეს პირები თვითიზოლაციაში იყვნენ, თუმცა გამოიკვლევენ, ვისთან ჰქონდათ კონტაქტი.

ამასთან ერთად, ენდელაძის თქმით, ინფიცირების 3 შემთხვევა დაფიქსირებულია აჭარაშიც — „ვიცი, რომ აჭარაში გამოვლინდა 3 ახალი ინფიცირებული, თუმცა მათ შესახებ არაფერი არ ვიცი“.


ცოტა ხნის წინ საქართველოში კორონავირუსით დაავადების შემთხვევები 54-დან 61-მდე გაიზარდა. დაავადებულებიდან გამოჯანმრთელებულია 8 პაციენტი. კარანტინში 3320 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 235 ადამიანია. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი