ახალი ამბები

COVID-19-ზე სამთავრობო რესურსების ნაწილი ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომი არაა

23 მარტი, 2020 • 941
COVID-19-ზე სამთავრობო რესურსების ნაწილი ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომი არაა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ოფიციალური საინფორმაციო წყაროებისა და რესურსების ნაწილი ამ დრომდე მხოლოდ ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდი, სდაც ვირუსის გავრცელების, ასევე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია განახლებად რეჟიმში ვრელდება, მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე ფუნქციონირებს. ეს მაშინ, როცა მთავრობის გადაწყვეიტლებით კარანტინის რეჟიმში მოქცეული მარნეული და ბოლნისი უმეტესად ეთნიკური უმცირესობებითაა დასახლებული.

რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე არც ცხელი ხაზებია ხელმისაწვდომი, რომელიც ამავე საიტზეა მითითბული. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწფო ენას არ ფლობენ, მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიღება არ შეუძლიათ არც ჯანდაცვის (1505)  და არც დაავადებათა კონტროლის (116 001) ცხელ ხაზზე.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ჰკითხა, როდის იქნებოდა აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რაზეც განგვიცხადეს, რომ “მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში იქნება”.

კორონავირუსთან დაკავშირებით სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე რეკომენდაციები შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს გავრცელებული. ამასთან, დღეს მთავრობამ ბოლნისისა და მარნეულის მცხოვრებლებს, მათ შორის უმცირესობებისათვის გასაგებ ენებზე, სმს-ები დაუგზავნა. დღეიდან მარნეულსა და ბოლნისში  მოსახლეობას კორონავირუსის თაობაზე ხმის გამაძლიერებლებითაც (მანქანებიდან) აფრთხილებენ.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.

23 მარტის 19:00 საათის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 61 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი