“ბუნებრივია, როცა პროკურატურამ ასეთი განცხადება გააკეთა, ალბათ ჰქონდა ამის განცხადების საფუძველი და ოჯახს არავითარი საფუძველი არა აქვს, რომ ეჭვი შეიტანოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში”, – განუცხადა ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა ნეტგაზეთს 29 აგვისტოს.
პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვიტაც გამოძიებამ ამ ეტაპზე გამორიცხა შსს მინისტრის ყოფილ მოადგილე ლევან გვაზავასა და რევაზ კალომლეწავზე, რომელიც სროლის შედეგად დაიღუპა, თავდასხმის განხორციელების ვერსია.
პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციით, “ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2015 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე ილია ქერტყოევი, ლევან გვაზავა, რევაზ კალომლეწავი და გურამ თათელაძე, ილია ქერტყოევის მართვის ქვეშ მყოფი ,,mercedes ml“-ის მარკის ავტომანქანით სოფელ პანტიანიდან, სადაც ლევან გვაზავას ნათესავთან აღნიშნეს მარიამობის დღესასწაული, ბრუნდებოდნენ ქ.თბილისში. ავტომანქანის წინა სავარძლებზე ისხდნენ ილია ქერტყოევი და რევაზ კალომლეწავი, ხოლო უკან – ლევან გვაზავა და გურამ თათელაძე. გზაში ლევან გვაზავამ უმიზეზოდ ამოიღო სავარაუდოდ შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ,,გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა გურამ თათელაძის მოთხოვნით შეინახა. აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში, როდესაც ავტომანქანა იმყოფებოდა თბილისი -კოჯორის გზატკეცილის 2/156-ე კილომეტრზე, ავტომანქანის სალონში სავარაუდოდ ლევან გვაზავას კუთვნილი იარაღიდან მოხდა გასროლა, რის შედეგადაც სასიკვდილო დაზიანება მიიღო ლევან გვაზავას დეიდაშვილმა რევაზ კალომლეწავმა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ლევან გვაზავამ სავარაუდოდ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა თვითდაზიანება თავის არეში, რის შემდგომაც იგი გადაყვანილ იქნა შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი – საუნივერსიტეტო კლინიკაში“”.
ლევან გვაზავა იყო შსს მინისტრის მოადგილე ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს. ამჯამად ის ორგანიზაცია “სამართალდამცავთა ლიგის” ხელმძღვანელია.
ექიმების ცნობით, გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იგი სუნთქვის ხელოვნურ მართვაზეა, თუმცა დინამიკაში მდგომარეობა არ უარესდება.
გამოძიება 28 აგვისტოს მომხდარ ფაქტზე საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით [ განზრახ მკვლელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ მე-2 ნაწილი: ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 3. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
გამოძიებას განზრახ მკვლელობის ბრალდებით ჯერჯერობით ბრალი არავისთვის წაუყენებია.