ახალი ამბები

შეიზღუდოს კოლექტიური ღვთისმსახურებები და რელიგიური რიტუალები – NGO-ები

23 მარტი, 2020 • 1141
შეიზღუდოს კოლექტიური ღვთისმსახურებები და რელიგიური რიტუალები – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას და რელიგიურ გაერთიანებებს მიმართავენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი, COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მოთხოვნა სოციალური დისტანცირება და გადაადგილების შეზღუდვაა და საქართველოში რიგი რელიგიური გაერთიანებები უკვე ითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას და სხვადასხვა ფორმით ზღუდავენ ან დროებით აჩერებენ კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიურ რიტუალების აღსრულებას.

“სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე არ იჩენს სათანადო ყურადღებას იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მიმართ, რომელთა დაუცველობაც რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც უშუალოდ მის წევრებს, ასევე, მთლიანად საზოგადოებას. რელიგიურ რიტუალებს ესწრებიან და ჩართულები არიან ბავშვებიც, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნებს.

ამგვარ ვითარებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რათა მან სათანადო ბალანსის დაცვით, ერთი მხრივ, უზრუნველყოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით მაქსიმალურად სრულყოფილად სარგებლობა, მეორე მხრივ კი, გამოიყენოს სათანადო სამართლებრივი მექანიზმები და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინაშე მდგარი უკიდურესად მაღალი რისკები”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

NGO-ები მიუთითებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულება და მათში მონაწილეობა შეიძლება შეიზღუდოს შესაბამისი მკაცრი პირობების დაცვით, როდესაც ის რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას.

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობების დაცვით და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნით, დროებით შეზღუდოს საჯარო კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულებისა და მასში მონაწილეობის უფლება ნებისმიერი რელიგიისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირის მიმართ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იმისათვის, რომ რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვა აკმაყოფილებდეს შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შემდგეი ზომები:

  • საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით (რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით) დადგენილი პირობების დაცვით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით (საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია: ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას;  გ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას; დ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები) გათვალისწინებული მოთხოვნების აღსრულების მიზნით, უფლებამოსილმა უწყებამ, განსაზღვრული მოქმედების პერიოდით გამოსცეს სათანადო კანონქვემდებარე აქტი;
  • საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით შეიტანოს ცვლილებები და დამატებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში;
  • აღნიშნული დროებითი ღონისძიებების დარღვევის შემთხვევაში, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ სახელმწიფოს, მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს რელიგიურ გაერთიანებებს, რათა დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მათ მაქსიმალურად ეფექტურად შეძლონ საკუთარი რელიგიური საქმიანობის განხორციელება და საზოგადოებასთან ურთიერთობა.

ასევე, მიმართავენ რელგიურ ორგანიზაციებს, საკუთარი მაღალი სოციალური ავტორიტეტისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა საზოგადოებაში წახალისდეს სახელმწიფოს მიერ გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მხარდაჭერა და ხელშეწყობა.

განცხადებას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები:

  1. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  3. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  4. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  5. კონსტიტუციური კვლევების ცენტრი
  6. ჩართულობის და განვითარების ცენტრი (CPD)
  7. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  8. საფარი
  9. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  10. თანასწორობის მოძრაობა
  11. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  12. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  13. არჩილ მეტრეველი
  14. გიორგი ნონიაშვილი
  15. ალიკა კუპრავა
  16. მიხეილ შარაშიძე

მთავარ ფოტოზე: მიუხედავად კორონავირუსის გამო 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, მართლმადიდებელ ეკლესიებში წირვა მაინც ჩატარდა. ფოტო: EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

მასალების გადაბეჭდვის წესი