ახალი ამბები

გვაზავას ადვოკატი: ველოდებით გამოძიების შედეგებს

29 აგვისტო, 2015 •
გვაზავას ადვოკატი: ველოდებით გამოძიების შედეგებს

თბილისი-ტაბახმელას ავტომაგისტრალზე  28 აგვისტოს მომხდარი სროლების შედეგად გარდაიცვალა ერთი ყოფილი პოლიციელი, ხოლო შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მას და გვაზავას ოჯახს არა აქვს ინფორმაცია მომხდარის შესახებ და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

 

“ჩემი ინფორმაციით, პროკურატურა ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს და სავარაუდოდ დაკითხეს სავარაუდო მოწმე”, – განაცხადა გილაშვილმა.

 

“მე არა ვარ ჩართული პროცესში, რადგანაც გამოძიება მიმდინარეობს არა ლევან გვაზავას წინააღმდეგ, არამედ საქმე აღძრულია მომხდარზე”, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, გვაზავას აქვს  გენერლის წოდება და მას ჰქონდა იარაღის ტარების უფლება:

 

“ჩემი ინფორმაციით მას ჰქონდა მხოლოდ ერთი იარაღი, რომელზეც ჰქონდა ტარების ნებართვა და მას ჰქონდა მხოლოდ ეს იარაღი”.

ადვოკატის თქმით, ლევან გვაზავა არ გადაადგილდებოდა საკუთარი ავტომობილით და არ იცის ვის ეკუთვნოდა ის. მისივე განმარტებით, გვაზავა არ იჯდა საჭესთან.

 

პროკურატურის ცნობით, შესული შეტყობინების საფუძველზე ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

მოგვიანებით საქმე შემდგომი გამოძიებისათვის გადაიგზავნა ქ. თბილისის პროკურატრის საგამოძიებო ნაწილში.

 

იყვნენ თუ არა მოწმეები და დაკითხა თუ არა  გამოძიებამ – პროკურატურის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დამატებით ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ჯერ ვერ გაავრცელებენ.

 

პრესსამსახური არ ავრცელებს ცნობებს ასევე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არსებული ვერსიების შესახებ.

 

დაჭრილი ლევან გვაზავას მდგომარეობა, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში [ე.წ. ინგოროყვას კლინიკა] გადაიყვანეს, ექიმების განმარტებით მძიმეა, თუმცა მისი მდგომარეობა დინამიკაში არ უარესდება.

 

ლევან გვაზავა იყო შსს მინისტრის მოადგილე ვანი მერაბიშვილის მინისტრობის დროს. ამჟამად  ის ორგანიზაცია “სამართალადამცავთა ლიგის” ხელმძღვანელია. ადვოკატის თქმით, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გვაზავას ვინმე ემუქრებოდა.

ლევან გვაზავა, ფოტო: გვაზავას ფეისბუკის გვერდი
ლევან გვაზავა, ფოტო: გვაზავას ფეისბუკის გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი