ახალი ამბები

მარნეულიდან გადმოყვანილი 80 წლის კაცი მძიმედაა – „რესპუბლიკურის“ დირექტორი

23 მარტი, 2020 • 1346
მარნეულიდან გადმოყვანილი 80 წლის კაცი მძიმედაა – „რესპუბლიკურის“ დირექტორი

მარნეულიდან გუშინ გადმოყვანილი კიდევ ერთი პაციენტია მძიმე მდგომარეობაში — აღენიშნება ორმხრივი პნევმონია და რეანიმაციაშია მართვით სუნთქვაზე, – აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე. პაციენტისთვის ჯერ არ აუღიათ ანალიზი კორონავირუსზე. შესაბამისად, უცნობია, არის თუ არა COVID-19-ით ინფიცირებული.

გუშინ, 22 მარტს მარნეულიდან თბილისში გადმოიყვანეს პაციენტი, 60 წელს გადაცილებული ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. სწორედ მის შემთხვევას მოჰყვა მარნეულისა და ბოლნისის კარანტინად გამოცხადება და რაიონების ჩაკეტვა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ის წლისთავზე იმყოფებოდა და ათობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. კონტაქტების ნაწილი იდენტიფიცირებულია.

23 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს [სწორედ ეს საავადმყოფოა ახლა მთავარი მიმღები] დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მარნეულიდან 22 მარტს კიდევ ერთი პაციენტი გადაიყვანეს — 80 წელს გადაცილებული კაცი, რომელიც მძიმედაა:

„პაციენტი გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, იმყოფება რეანიმაციის ბლოკში. მდგომარეობის სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი პნევმონია და ამის ფონზე განვითარებული სეპტიკური მდგომარეობა, [რესპირატორული] დისტრეს სინდრომი. უტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“.

კლინიკის დირექტორის თანახმად, პაციენტს ჯერ არ ჩატარებია კვლევა კორონავირუსზე: „A და B ტიპის გრიპზე გაკეთდა სწრაფი ტესტი და უარყოფითია, კორონავირუსზე ტესტი ჯერ არ გაგვიკეთებია და ლუგარის ლაბორატორიას ველოდებით“. პასუხი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

ლევან გოფოძის თანახმადვე, არ იკვეთება, რომ მარნეულის შემთხვევასთან არის დაკავშირებული, თუმცა მაინც გადაყვანილია ბოქსირებულ პალატაში:

„არ არის დაკავშირებული [მარნეულის გუშინდელ შემთხვევასთან]… როდეაც შემოვიდა, ის სრულად კონტაქტური იყო და ამ ეპიდანამნეზით [დადგინდა], რომ იმ შემთხვევასთან იყო კავშირში, არ გვაქვს. მაგრამ მაინც საყურადღებოა და ბოქსირებულ პალატაში მოვათავსეთ“.

გოფოძის თქმით, ამჟამად რესპუბლიკურში მკურნალობას გადის 34 პაციენტი.

23 მარტის 10:30 საათის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

COVID-19-ის გადაცემა მოხდა წლისთავზე – პრემიერი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი