ახალი ამბები

მთავრობა მარნეულ-ბოლნისის კარანტინზე მოსახლეობას მესიჯებითაც აფრთხილებს

23 მარტი, 2020 • 796
მთავრობა მარნეულ-ბოლნისის კარანტინზე მოსახლეობას მესიჯებითაც აფრთხილებს

საქართველოს მთავრობამ დღეს მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაუგზავნა.

მთავრობის თქმით, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „დაგზავნილია, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების ენებზე“.

ამ გაფრთხილებაში კი წერია:

„მარნაულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში წესდება საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება:

  1. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა;
  2. გადაადგილება, გარდა საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო მომსახურების მისაღებად;
  3. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა;
  4. იხურება ყველა ობიექტი, გარდა საკვები პროდუქტებისა, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისა;
  5.  სასოფლო- სამეურნეო სამუშაოები შესრულდება ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად.

საზოგადოებრივ წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ექიმები შეამოწმებენ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროებებს,“.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა რადიო მარნეულის ჟურნალისტს, თიკო დავაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ მარნეულის რამდენიმე მცხოვრებმა მესიჯი აზერბაიჯანულ ენაზე მართლაც მიიღო.


23 მარტის 13 საათის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.

2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 104 300 ადამიანი ცხოვრობს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი – 53 590.

COVID-19-ის გადაცემა მოხდა წლისთავზე – პრემიერი

მასალების გადაბეჭდვის წესი