ახალი ამბები

საქართველოს ტერიტორიაზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იზღუდება

23 მარტი, 2020 • 2049
საქართველოს ტერიტორიაზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იზღუდება

კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე საქალაქთაშორისო გადაადგილება იზღუდება.

როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, შეიზღუდება ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება და შეზღუდვა რკინიგზასაც შეეხება:

“საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეიტლებები შეზღუდვებზე. ეს გულისხმობს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას. თქვენ იცით, რომ ქვეყანა უკვე გადავიდა შიდა გადაცემის ეტაპზე და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაფერხოთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომაც ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს. ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღის ბოლოს, 00:00 საათზე” , – ამბობს ჩიქოვანი.

“ნეტგაზეთი” დაზუსტებისთვის დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ იკრძალება მიკროავტობუსებით, ავტობუსებითა და რკინიგზით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა. კერძო ავტომობილებით გადაადგილება კი ამ ეტაპზე დაშვებულია.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, დაავადებისგან განიკურნა 8 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება. 235 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი