ახალი ამბები

გაყიდული მიწა და გლეხები საძოვრების გარეშე

28 აგვისტო, 2015 • 2242
გაყიდული მიწა და გლეხები საძოვრების გარეშე

მემთეურების სოფელი ბახმაროსთან
მემთეურების სოფელი ბახმაროსთან

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ახლა საკასაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. სასამართლოს გასულ წელს მოქალაქე გელა კობალავას წარმომადგენელმა, კახა ჩავლეიშვილმა მიმართა, სადაც განმარტა, რომ მის მარწმუნებელს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება ს/კ 26.33.13.101. რაც წარმოადგენს ალპურ საძოვრებს, რომლის ფართია 80 0765 კვ.მ.
მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე მხარეს უკანონოდ აქვს მისი მარწმუნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მითვისებული, აშენებული აქვთ ამავე ტერიტორიაზე უკანონო ნაგებობა/კონსტრუქციები და უძრავ ქონებას იყენებენ პირუტყვის საძოვრად, ამასთან მოჰყავთ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი.

მისი განმარტებით, მოსარჩელემ რამდენიმეჯერ შესთავაზა მოპასუხეებს გაეფორმებინათ იჯარის ხელშეკრულება, მაგრამ მათ უარი განაცხადეს და მისი მარწმუნებელი ვერ იღებს ვერანაირ შემოსავალს სადაო ქონებიდან.

მოპასუხეების ადვოკატი ნური თებიძე არ ეთანხმება მოსარჩელის განცხადებას და განმარტავს, რომ მისი მარწმუნებლები წლებია სადაო ტერიტორიით სარგებლობენ, 50 წელზე მეტია აშენებული აქვთ სააგარაკე საცხოვრებელი სახლები და ამუშავებენ მიწის ნაკვეთს, მოჰყავთ ერთწლიანი კულტურა, ძირითადად კარტოფილი. მოპასუხე მხარის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთი გელა კობალავასთვის არ უნდა მიეყიდა ეკონომიკის სამინისტროს, ვინაიდან მოპასუხეები იყვნენ სადაო ქონების მოსარგებლეები და უფლება ჰქონდათ შეეძინათ ეს ნაკვეთი.

გლეხებმა 2013 წელს გაიგეს იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთი, რომლითაც ისინი ათეულობით წლებია სარგებლობენ ბაისურას მთაზე, გაიყიდა. მათ დახმარებისთვის მიმართეს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრებს, პროკურატურას, პოლიციას, პარლამენტს, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს, ასევე წერილი მისწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამონარიდი ირაკლი ღარიბაშვილთან გაგზავნილი წერილიდან:

„ჩვენ ათეული წლებია ვსარგებობთ სადაო ტერიტორიის საძოვრებს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შესაძლებელი იყო თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დაკანონება, მითუმეტეს ამ მიწაზე გაგვაჩნია საცხოვრებელი და საბოსლე შენობა-ნაგებობები. მივმართეთ შესაბამის ორგანოს, რომლის წარმომადგენელმაც სიტყვიერად განგვიმარტა, რომ „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „ალპური საძოვრების გასხვისება სახელმწიფოს მიერ აკრძალულია და მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან შეთანხმებით, ხუთი წლის ვადით, დროებით გადაეცემოდა იმ რაიონს, თემს, დაბასა თუ სოფელს, რომლებიც მოცემულ ტერიტორიებს საძოვრებად იყენებდნენ. ამიტომ ჩვენ უარი გვეთქვა ამ ტერიტორიის დაკანონებაზე/შესყიდვაზე…

ჩვენთვის გაუგებარია 2007 წელს 2000 ლარად დაახლოებით 81 ჰექტარი ალპური საძოვრების შეძენა როგორ მოახერხა მოქალაქე გელა კობალავამ. გთხოვთ გაგვირკვიოთ, რის საფუძველზე გადასცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის ტერიტორიულმა ორგანომ გელა კობალავას საკუთრებაში ორი ათას ლარად 81 ჰექტარი ალპური საძოვარი, რომელიც სოფლის მეურნებით არასოდეს ყოფილა დაკავებული და არც რაიმე გაუკეთებია საძოვრების გასაუმჯობესებლად. ჩვენი ინფორმაციით, ეს საძოვარი გელა კობალავაზე გასხვისდა უკანონოდ და ფარულად, რაზეც რომელიმე სახელმწიფო მოხელემ ან ხელი მოითბო ან მოსარჩელე კობალავას ზურგს ამოფარებული არაოფიციალურად ფლობს წილს. ჩვენთვის საინტერესოა, ასევე, რა ვალდებულება დააკისრა სახელმწიფომ კობალავას ამ მიწის შესყიდვის სანაცვლოდ… ჩვენ ამ მიწაზე ლომითა და წერაქვით მივიყვანეთ გზაც და წყალიც…

საძოვრები ბახმაროსთან ახლოს
საძოვრები ბახმაროსთან ახლოს

ბატონო ირაკლი, ჩვენი საქმე შრომაა და არა პოლიტიკა, ჩვენი წილი სახელმწიფო მშენებლობაში გამოიხატება ჩვენი შრომით, ჩვენი ოჯახების გამოკვებით. თუ ეს ასე არ იქნება, ჩვენ შევუერთდებით უმუშევართა სიას.

გთხოვთ, შექმნათ სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის რამდენად კანონიერად გასხვისდა ჩვენს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, გვაინტერესებს რაში გამოიხატება ამ გარიგებაში სახელმწიფოს ინტერესი“.


წერილს ხელს მოქალაქე შოთა ქათამაძე აწერს. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ წერილი შესასწავლად ეკონომიკის სამინისტროში გააგზავნა. 

შოთა ქათამაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქაქუთში ცხოვრობს. ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მიწის გამოსყიდვა გელა კობალავასგან სცადა, თუმცა მისივე თქმით, კობალავამ მას 240 ათასი ლარი მოსთხოვა: `სახლები გვიდგას, ოჯახს ვარჩენთ, ჩვენი მოთხოვნაა მთავრობამ სამართლიანობა აღადგინოს, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მიწის გამოსყიდვა“.

სასამართლოში ერთ-ერთი მოპასუხე, 70 წლის მურმან ტაკიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ნახევარი საუკუნეა კურორტ ბახმაროში დადის: „აგროსესხები მაქვს გამოტანილი, გადასახადს ვიხდი, ფერმა შევისყიდე, ხორცის მაღაზიები მაქვს აღებული, ყველს ვაბარებ, ოჯახის წევრები მყავს დასაქმებული. ვცადე კობალავასთან მოლაპარაკება, მაგრამ კვადრატულ მეტრში ხუთასი ლარის გადახდა მომთხოვა. ყველას მივმართეთ წერილობით, პარლამენტიდან დამირეკეს და მითხრეს, დავაზუსტეთ, რომ კობალავას კანონიერად აქვს შეძენილი მიწის ნაკვეთიო. თუ სახელმწიფოს ამ მიწის გაყიდვა ასე იაფად უღირდა, ამ ფასად ჩვენც შევისყიდდით, უპირატესობა სახელმწიფოს ჩვენთვის უნდა მოენიჭებინა. როგორ, რატომ ან რა მიზნით იყიდა კობალავამ ეს მიწის ნაკვეთი – არ ვიცით. როგორ დავანგრიოთ ჩვენი სახლები და გავანადგუროთ საკარმიდამო ნაკვეთები“.

ბაისურას მთაზე მცხოვრები გლეხების უფლებებს სასამართლოში ადვოკატი ნური თებიძე იცავს, რომელიც „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 2007 წელს გელა კობალავამ მიწის ნაკვეთი საყორიას მთის ძირში ოზურგეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით იჯარით აიღო და მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა, არ გადაიხადა იჯარის საფასური, ხელშეკრულება არ მოშლილა.

საჯარო რეესტრში კობალავამ მიწის ნაკვეთი ბაისურას მთაზე 2013 წელს დაიკანონა, შემდეგ პოლიციის თანხლებით მივიდა გლეხების გამოსასახლებლად, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციამ ძალა არ გამოიყენა გლეხების მიმართ, სწორედ ამის შემდეგ მიმართა კობალავამ სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სარჩელი პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დააკმაყოფილეს, გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა, რადგან საქმე მესამე ინსტანციის სასამართლომ მიიღო განსახილველად. სწორედ ამიტომ, გლეხები ბაისურას მთაზე, როგორც იალაღზე, წელსაც წავიდნენ.

გელა კობალავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სადაო მიწის მესაკუთრე კანონიერი გზით გახდა: „ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მე აქამდე დამიჭერდნენ და გამასამართლებდნენ. ეს საკითხი შეისწავლა პარლამენტმა, საგამოძიებო უწყებებმა, საუბარი მქონდა გუბერნატორთანაც“.

გელა კობალავა ამბობს, რომ სადაო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 2000 წელს იჯარით აიღო: „იქ ვგეგმავდი მეცხოველეობის განვითარებას, მერე, მოულოდნელად თბილისში წავედი. ადამიანებს, რომლებიც ჩემი მიწით სარგებლობდნენ, ვთხოვე მიწის გადასახადის გადახდა. ეს გადასახადიც კი არ გადაიხადეს, ყოველწლიურად სარგებლობენ ჩემი მიწით, მე კი იმის გამო, რომ სახელმწიფოს მიწის გადასახადი ვერ გადავუხადე, მთელი ჩემი ქონება დაყადაღებულია. სახლიც, მანქანაც, ველოდები მესამე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას.“

მოსარჩელე ამბობს, რომ გლეხებთან მოლაპარაკება სცადა, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხეების ბრალდებას, თითქოს მან სადაო მიწის ნაკვეთი კორუფციული გზით, გავლენიანი ახლო ნათესავის დახმარებით შეიძინა, გელა კობალავა კატეგორიულად უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი