ახალი ამბები

სომხეთში 190 შემთხვევიდან 157 ინფიცირების პირველ ორ წყაროს უკავშირდება| კორონავირუსი

22 მარტი, 2020 • 1327
სომხეთში 190 შემთხვევიდან 157 ინფიცირების პირველ ორ წყაროს უკავშირდება| კორონავირუსი

სომხეთში კორონავირუსული ინფექციის (COVID 19) 190 დადასტურებული შემთხვევიდან 157 დაინფიცირების პირველ ორ წყაროს უკავშირდება. ამის შესახებ News.am სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, სომხეთში კორონავირუსულ ინფექციაზე ჯამში 1246 ტესტი ჩატარდა, დადასტურებულ შემთხვევებს შორის 14-ს კი პნევმონიის დიაგნოზი აქვთ.

წინა დღეებთან შედარებით, სომხეთში ინფექციის რიცხვი სწაფად იზრდება. მაგალითად, 20 მარტს სომხეთში 136 შემთხვევა ფიქსირდებოდა, 3 დღის წინ სომხეთში COVID 19-ის 52 შემთხვევა, 15 მარტამდე კი – 30 შემთხვევა. ის პირი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი პირველად დაუსვეს, გამოჯანმრთელდა.

16 მარტს, ახალი შემთხვევების დადასტურებამდე რამდენიმე საათით ადრე, სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 17:00 საათზე შევიდა და 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

ამ დროისთვის სომხეთში ყველა საგანმანათლებო დაწესებულებას შეჩერებული აქვს მუშაობა; ამასთან, საზღვრები ჩაკეტილია საქართველოსთან და ირანთან (სომხეთს დანარჩენ ორ მეზობელთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ისედაც ჩაკეტილი აქვს საზღვრები).

მასალების გადაბეჭდვის წესი