ახალი ამბები

საზღვრის კვეთისას ყველა კარანტინს გაივლის, გაორმაგდება ამ სივრცეებზე საჭიროება – თურნავა

22 მარტი, 2020 • 1486
საზღვრის კვეთისას ყველა კარანტინს გაივლის, გაორმაგდება ამ სივრცეებზე საჭიროება – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ამიერიდან ყველა, ვინც საქართველოს საზღვარს გადაკვეთს გაივლის 2-კვირიან კარანტინს, შესაბამისად, საკარანტინო სივრცეებზე საჭიროება გაორმაგდება.

„ყველა მოქალაქე, ვინც გადაკვეთს საზღვარს, აუცილებლად გაივლის 2-კვირიან კარანტინს. ეს არის ორგანიზებული კარანტინი, ჩვენ ძლიერები დღეს ამით ვართ. ეს ზომები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება, საკარანტინო სივრცეების საჭიროება გაორმაგდება,“ – ამბობს ნათია თურნავა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში საკარანტინო ოთახების საჭიროება რადიკალურად გაიზრდება, მთავრობამ კი შესაძლოა საგანგებო ზომებს მიმართოს.

„მადლობას ვუხდი ყველა სასტუმროს, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, მაგრამ ვინაიდან, საჭიროება რადიკალურად იზრდება, შეიძლება საგანგებო ზომებს მივმართოთ. წინასწარ ვთხოვ სასტუმრო ბიზნესს, რომ გაგებით მოეკიდონ.

იგულისხმება სივრცეების დათმობა, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ.. მრავალკვირიან მოლაპარაკებებზე დროს ვერ დავკარგავთ,“ – განმარტავს თურნავა ჟურნალისტებთან.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა – 3. ამასთანავე, საკარანტინო რეჟიმში არის 2956 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 291.

მასალების გადაბეჭდვის წესი