ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ

22 მარტი, 2020 • 1713
აფხაზეთში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ

დღეს, 22 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ეს არჩევნები განმეორებით მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2019 წლის შემოდგომით ჩატარებული არჩევნები, სადაც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, არაკანონიერად ცნეს. არჩევნების განმეორებით დანიშვნას ოპოზიციის აქციები და სამთავრობო შენობების შტურმით აღება უძღოდა წინ.

დღევანდელ არჩევნებში რაულ ხაჯიმბა აღარ მონაწილეობს. აფხაზეთში პრეზიდენტობის სურვილი ამჯერად გამოთქვა მხოლოდ სამმა კანდიდატმა: ასლან ბჟანიამ, ადგურ არძინბამ და ლენიდ ძიაპშიპამ.

მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად ასლან ბჟანია მიიჩნევა, რომელმაც წინა არჩევნების დროს ჯანმრთელობის პრობლემის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო. განმეორებით არჩევნებს სწორედ მისი მხარდამჭერების აქტიური მოქმედებების შედეგად მიაღწიეს.

COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო, აფხაზეთში არჩევნებს პირველად არ ესწრებიან რუსი დელეგატები, რომლებიც, როგორც წესი, არჩევნებზე დამკვირვებლებად ჩამოდიოდნენ. სოხუმის ცნობით, ადგილზე შეზღუდული რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლები არიან, მათ შორის, აფხაზეთში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები.

სპეციალურად საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სამედიცინო ნიღბები სოხუმში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეკერეს.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე, აფხაზეთში ბოლო დღეებში კანდიდატებთან ხალხმრავალი შეხვედრებიც გაიმართა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი