ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში კარანტინის დამრღვევთათვის ჯარიმებს და პატიმრობას აწესებენ

21 მარტი, 2020 • 1122
სომხეთში კარანტინის დამრღვევთათვის ჯარიმებს და პატიმრობას აწესებენ

სომხეთის პარლამენტმა 20 მარტს, საღამოს საათებში, საგანგებო სხდომა გამართა, სადაც დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღო ცვლილებები, რომლითაც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევ პირებს ჯარიმა დაეკისრებათ ან პატიმრობას მიუსჯიან.

კერძოდ, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ითვალისწინებს კარანტინის/თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო პირის დაჯარიმებას 500 000 დრამამდე ($1 000-მდე) ოდენობით;

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წესების დარღვევის შედეგად პირმა სხვა ადამიანების მასობრივად დაინფიცირება გამოიწვია, მას 5 წლამდე პატიმრობა დაემუქრება.

ცვლილებები ფაშინიანის ალიანსმა „ჩემმა ნაბიჯმა“ დაუჭირა მხარი და 102 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო, მიუხედავად წინააღმდეგობისა ოპოზიციის მხრიდან. მეორე მოსმენა ორშაბათსაა ჩანიშნული.

სომხეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 136 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგანაც ერთი გამოჯანმრთელდა. შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ერთ კლასტერს ეკუთვნის — დაინფიცირებული პირი ქალაქ ეჩმიაძინში ქორწილში იმყოფებოდა, სადაც ვირუსი სხვა ადამიანებს გადასდო.

კარანტინებსა და თვითიზოლაციაში უკვე ასობით ადამიანია მოთავსებული, თუმცა, მთავრობის თანახმად, მათი რიცხვი უახლოეს დღეებში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სომხეთს 16 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.

ნახეთ 20 მარტის ამავე სხდომაზე მიღებული სხვა გადაწყვეტილება:

სომხეთი „პანიკის გამომწვევი ინფორმაციის“ გავრცელებას კრძალავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი