ახალი ამბები

როგორ მუშაობს სწრაფი ტესტები და ვის ჩაუტარდება გამოკვლევა

20 მარტი, 2020 • 1536
როგორ მუშაობს სწრაფი ტესტები და ვის ჩაუტარდება გამოკვლევა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განმარტავს, რა სახის ტესტებს მიიღებს საქართველო ჩინეთისა და სამხრეთ კორეისგან.

მინისტრის თქმით, ტესტით, რომელიც ამჟამად ლუგარის ლაბორატორიაში ტარდება, კორონავირუსი ვლინდება დაინფიცირებიდან 7 დღეში. მინისტრის თქმით, ამიტომ იმ პირებს, რომლებიც რისკჯგუფში იყვნენ, სპეციალისტები თვითიზოლაციის მითითებას აძლევდნენ და ანალიზს სიმპტომების გამოვლენის შემდეგ უკეთებდნენ:

“ის სატესტო რეჟიმი, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია და ასევე სწრაფი ტესტები, რომელსაც შემდეგი კვირის ოთხშაბათისთვის ველოდებით ჩინეთიდან, არის ანტისხეულებზე დაყრდნობილი, რომელიც ვლინდება კორონავირუსით დაინფიცირების მეშვიდე დღიდან. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დღემდე ჩვენი ეპიდემიოლოგები მიუთითებდნენ პაციენტებს თვითიზოლაციისკენ და მათი გამოკვლევა ხდებოდა სიმპტომის გამოვლენის შემდეგ, ეს იყო ერთადერთი ეფექტური გზა და არა თავის არიდება სურვილის მქონე პაციენტებისგან. უბრალოდ, ეს იყო მიზნობრივი და საჭირო დრო იმისთვის, რომ დაგვედგინა, არის თუ არა პაციენტი ინფიცირებული”, – ამბობს ტიკარაძე “იმედის” ეთერში.

მინისტრის თქმით, 1000 სწრაფი ტესტიც, რომელსაც ჩინეთიდან ელოდებიან, ამავე პრინციპით მუშაობს და ერთადერთი განსხვავება პასუხის მიღების სისწრაფეა, რომელიც ამ ტესტის შემთხვევაში 1 საათითაა განსაზღვრული.

კორეული ანალოგი კი, რომელსაც მთავრობა მომავალი კვირიდან ელოდება (200 000 ცალს), ანტისხეულების ნაცვლად ანტიგენებზეა დამყარებული და დაავადების არსებობას ინფიცირებიდან 1-2 დღეშივე ავლენს.

მისი თქმით, აგრესიული ტესტირება მასობრივ ტესტირებას არ ნიშნავს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტესტირება კვლავ მიზნობრივად გაგრძელდება და ყურადღება მიექცევა როგორც პაციენტის სიმპტომებს, ასევე, მის ისტორიას და კავშირებს ინფიცირების შესაძლო წყაროებთან:

“ჩვენი სპეციალისტების მხრიდან ხდება პაციენტის დეტალური ანამნეზის შეკრება და ამის შემდეგ სპეციალური ალგორითმით ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, საჭიროებს თუ არა პაციენტი ამ ტესტს. მნიშვნელოცანი ფაქტორია, რომ პაციენტს უნდა ჰქონდეს ხველა და სიცხე და ასევე გააჩნდეს ისტორია, რომლის მიხედვითაც ხდება შეჯამება და ეჭვის მიტანა კორონავირუსზე”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე “იმედის” ეთერში.

NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ნეტგაზეთთან განმარტა, რომ სწრაფ ტესტის შედეგს გარკვეული პერიოდის შემდეგ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაშიც გადაამოწმებენ.

რას გულისხმობს კორონავირუსის აგრესიული ტესტირება – ტიკარაძის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი