ნეტგაზეთი | მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების ახალ გეგმებს აანონსებს მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების ახალ გეგმებს აანონსებს – Netgazeti

მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების ახალ გეგმებს აანონსებს

მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ეკონომიკის სტიმულირების ახალ გეგმებს აანონსებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა, უმოკლეს ვადაში წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა.

“აღინიშნა, რომ ახალი გეგმები, ეკონომიკის მხარდაჭერის დამატებითი პაკეტის შემუშავება, ბიზნესს და საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ კორონავირუსის გამოწვევას ეფექტურად გაუმკლავდნენ”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქების მიზნით საქართველოს მთავრობა ბიზნესს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. კონკრეტულად, ტურიზმის სექტორის ნაწილს მთავრობა ოთხი თვით საშემოსავლო და ქონების გადასახადს გადაუვადებს. როგორც 13 მარტს გამართულ სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე შეასუსტოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com