თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსის ინფექციასთან ეფექტიან ბრძოლას ხელს უწყობს პაციენტის კარგი განწყობაც.

რატიანმა დღეს ჟურნალისტებთან თქვა, რომ სამედიცინო კვლევების თანახმად, COVID 19-ით ინფიცრებული პირები, რომლებსაც „კარგი ბუნებრივი განწყობა და ბრძოლის უნარი აქვთ“, ინფექცია მალევე –  12-დან 15 დღეში დაძლიეს.

„კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო – რაც უფრო კარგ განწყობაზე ვიქნებით … და თუ მოხდა ჩვენი ორგანიზმის ინფიცირება –  არ უნდა მივეცეთ დეპრესიას. უნდა ვიბრძოლოთ და უნდა ვიყოთ კარგ ხასიათზე, რომ ეს ყველაფერი მალევე გადავლახოთ“, – ამბობს ლევან რატიანი.

მისივე ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ცოლ-ქმარის მდგომარეობა ამ ეტაპზე მკვეთრად დამაკმაყოფილებელია. ასევე მკვეთრად დამაკმაყოფილებელია 80 წლის ქალის მდგომარეობა. ეს სამი პირი ერთი კლასტერიდანაა და მათ რამდენიმე დღის წინ COVID-19 დაუდასტურდათ.

20 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 43-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია ერთი.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის იმყოფება 1575 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275.