ახალი ამბები

„ბინადრობის ნებართვა გვქონდა, მაგრამ საზღვრიდან უკან გაგვაბრუნეს“ – დედა-შვილი

19 მარტი, 2020 • 1731
„ბინადრობის ნებართვა გვქონდა, მაგრამ საზღვრიდან უკან გაგვაბრუნეს“ – დედა-შვილი

რუსეთის მოქალაქე ელენა ვარვანინა, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს და საქართველოში ბინადრობის ნებართვა აქვს, არასრულწლოვან შვილთან ერთად საქართველოში არ შემოუშვეს და რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს.

ელენა ვარვნინინა 18 მარტს 14 წლის შვილთან ერთად ჩამოფრინდა მოსკოვიდან თბილისში მინსკის გავლით, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს.

ის წერს, რომ 19 მარტს დააბრუნეს მინსკში, საიდანაც თვითონ გაემგზავრა მოსკოვში.

რა მოხდა?

ელენა ვარვანინას მონათხრობი ასეთია: 18 მარტს, არასრულწლოვან შვილთან ერთად მოსკოვიდან მინსკის გავლით ჩაფრინდა თბილისში, სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ორივე მათგანს ბინადრობის ნებართვა აქვს, საზღვარზე არ შემოუშვეს.

„ჩვენი ერთადერთი სახლი აქ არის, საქართველოში“, – წერდა იგი. როგორც მან „ნეტგაზეთს“ უამბო, სამივე მათგანს აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება, თბილისში ცხოვრებენ და სახლს ფლობენ.

უკან გაბრუნების შემდეგ მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „მე საქართველოს რეზიდენტი ვარ, რომელიც ამ ქვეყანაში გადასახადებს იხდის, უძრავ ქონებას ფლობს და ცხოვრების უფლებით სარგებლობს“.

ამასთან, ვარვანინას თანახმად, მისმა მეუღლემ წინა დღით პოლიციის ცხელ ხაზზე დარეკა და იკითხა, შეეძლო თუ არა ჩამოსვლა, რაზეც დადებითად უპასუხეს. „მაგრამ ჩამოფრენისთანავე გვითხრეს, რომ ქვეყანაში არ გვიშვებენ და უკან გაგვაბრუნებდნენ“, – ამბობს იგი.

ვითარება აეროპორტში

იგი დეტალურად ჰყვება, თუ რა ხდებოდა თბილისში, აეროდრომზე საგანგებოდ მოწყობილ კარავში, სადაც დიდი დროის გატარება მოუწიათ თვითმფრინავის მოლოდინში.

„დაახლოებით 10-11 საათი ვიყავით კარავში, სადაც სამედიცინო დანიშნულების საწოლები იდგა. მხოლოდ ერთხელ, საღამოს გვაჭამეს ფრი და ჰამბურგერი. ტუალეტი გარეთ იყო, შუქის გარეშე. ხელებს ვერსად ვერ დაიბანდი…

გამათბობლის მიუხედავად, საღამოს ძალიან აცივდა. ვითხოვდით საბნებს. შეგვპირდნენ, თუმცა არ მოუტანიათ. მთელი ეს დრო კარავში ორჯერ თუ სამჯერ შემოიხედეს პოლიციის თამამშრომლებმა, რომლებმაც გვითხრეს, რომ ჩვენი საკითხი წყდება. ამ შემთხვევაშიც, უკვე აღარავინ დაბრუნებულა პასუხით.

არ მოგვეცა საშუალება დავკავშირებოდით პოლიციელს, მესაზღვრეს ან საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას. რაღაც მომენტში გვეგონა, რომ საერთოდ დავავიწყდით“.

მინსკში 03:45 წუთზე მიფრინავდა თვითმფრინავი. ჩემი ქმარი ცდილობდა ჩვენთან ერთად გამოფრენილიყო, აეროპორტში იყო ისიც მთელი ის დრო და ცდილობდა გაერკვია, მართლა გვაბრუნდებნენ თუ არა ამ რეისით, თუმცა, უშედეგოდ.

დილისკენ პოლიციელი შემოვიდა, ხელი დაგვიქნია და წამოდითო. ვიკითხე, სად მივყავიდით და თვითმფინავშიო. ვთხოვე, რომ ჩემი ქმრისთვისაც მიეცათ ჩვენთან ერთად გამოფრენის საშუალება, რადგან აეროპორტში გვიცდიდა.

აღმოჩნდა, რომ იმ დროისთვის ბილეთები მინსკის რეისზე აღარ იყო.

არაერთხელ ვიკითხე, სად გვაგზავნიდნენ უკან, რადგან მოსკოვიდან მინსკის გავლით მოვდიოდით თბილისში. გვპასუხობდნენ, რომ საიდანაც ჩამოვედით, იქ. მინსკიდან მოსკოვამდე ბილეთის ყიდვა ჩვენვე მოგვიწია. ახლა მოსკოვში მეგობრებთან ვართ, რომლებმაც შეგვიფარეს“, – წერს იგი.

რის საფუძველზე არ შემოუშვეს ისინი

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც გვიპასუხეს:

„საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 18 მარტიდან ორი კვირით აიკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარზე შემოსვლა. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ შემოდის საქართველოში“.

საქართველომ 2 კვირით ჩაკეტა საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ პირთა ჩამონათვალი, ვისაც ეს აკრძალვა არ ეხება, ანუ ვისაც შემოუშვებენ. ესენი არიან:

ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები;
ბ) შერეულ ოჯახები, რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე, ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე;
გ) ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირები – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები…)
დ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირები – გაცემული საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ;
ე) სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირები;
ვ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები;
ზ) ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად;

სიაში არ შედიან ბინადრობის ნებართვის მქონე პირები.

14 წლის შვილთან ერთად საქართველოში არ მიშვებენ, ცუდად გვეპყრობიან – რუსეთის მოქალაქე

მასალების გადაბეჭდვის წესი