ახალი ამბები

რუსეთის უშიშროება ახალ კიბერიარაღს უკვეთავს — ჰაკერები

19 მარტი, 2020 • 1638
რუსეთის უშიშროება ახალ კიბერიარაღს უკვეთავს — ჰაკერები

ჰაკერების ჯგუფმა Digital Revolution (ქართ. ციფრული რევოლუცია) გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლის თანახმადაც, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) განყოფილებამ თავის პარტნიორ კომპანიას მისცა შეკვეთა პროგრამა „ფრონტონის“ შემუშავებაზე, რომელიც საშუალებას იძლევა, განხორციელდეს კიბერშეტევები „ინფიცირებული“ ხელსაწყოების დახმარებით. ინფორმაციას ამის შესახებ „მედუზა“ BBC-ის რუსულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „მედუზა“ იუწყება, ჰაკერებმა ინტერნეტში განათავსეს 12 ტექნიკური დოკუმენტი, კოდის სქემები და ფრაგმენტები, რომლებიც 2017-18 წლებში შეიქმნა. დოკუმენტების თანახმად, დამკვეთი იყო სამხედრო ნაწილი № 64829 — უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი. დოკუმენტების თანახმად, კიბერიარაღის შექმნაში, შესაძლოა, მონაწილეობდნენ კომპანიები „oday“ და „ინფორმინვესტგრუპი“.

ჰაკერების მონაცემების თანახმად, კიბერიარაღის სამი ვერსია არსებობს — „ფრონტონი“, „ფტონონი-3დ“ და „ფრონტონი-18“.

მათი მეშვეობით შესაძლოა ნებისმიერი „ჭკვიანი“ მოწყობილობის „ინფიცირება“, ერთ ქსელში გაერთიანება და შემდეგ შეტევა სერვერებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტერნეტ-სერვისებისა და ზოგადად ინტერნეტის მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, ჰაკერების მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებში წერია, რომ რამდენიმე ასეული ათასი მოწყობილობის შეტევის შედეგად რამდენიმე საათით შესაძლებელია სოცქსელების და ფაილების მიმოცვლის სერვისების მუშაობის შეჩერება.

„შეტევას ნაციონალურ DNS-სერვერებზე შეუძლია, პატარა ქვეყანაში რამდენიმე საათით ინტერნეტის ხელმისაწვდომობა შეაჩეროს“, — აღნიშნულია დოკუმენტებში.


რუსეთის სახელმწიფო ორგანოების კიბერშეტევების შესახებ აქამდე არაერთხელ განუცხადებია აშშ-ს — ვაშინგტონის თქმით, რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია.

გარდა ამისა, ესტონეთის საგარეო დაზვერვის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, რუსეთი შეეცდება საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს.

ამასთან ერთად, 2019 წლის შემოდგომაზე ათასობით ქართულ საიტზე — მათ შორის პრეზიდენტის, სასამართლოების, საკრებულოების ვებგვერდებზე — მასშტაბური კიბერშეტევა მოეწყო. არაერთი საიტიდან ორიგინალური კონტენტი გაქრა და გამოჩნდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო, წარწერით I’ll be back („მე დავბრუნდები“ — ფრაზა „ტერმინატორიდან“).

ამავე პერიოდში ზოგიერთი ტელევიზიის, მათ შორის „მაესტროს“ და ტვ „პირველის“ სერვერებზე კიბერშეტევის შემდეგ მუშაობა შეფერხდა.

გაერთიანებული სამეფო იუწყება, რომ მათმა ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრმა (NCSC-მა) 95%-ზე მეტი ალბათობით დაადგინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ/გრუ-ს) კავშირი კიბერთავდასხმასთან.

კიბერშეტევები არაერთმა აქტორმა — აშშ-მა, ბრიტანეთმა და სხვა არაერთი ქვეყნის საგარეო უწყებამ — გააკრიტიკა და შეაფასა, როგორც „მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიის“ გაგრძელება, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს.

ამავე თემაზე:

საერთაშორისო გამოხმაურებები საქართველოში კიბერთავდასხმაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი