ახალი ამბები

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამედიცინო კონსულტაციის მიღებას ონლაინ შეძლებენ

19 მარტი, 2020 • 1292
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამედიცინო კონსულტაციის მიღებას ონლაინ შეძლებენ

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ სამედიცინო კონსულტაციის მიღებას შეძლებენ.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო იმყოფება მუდმივ კავშირზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და უკვე დაგეგმილია ერთობლივი ონლაინ კონსულტაციის მომსახურების დაწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ, თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან, აქვთ ბევრი შეკითხვა. ჩვენი საელჩოები და საკონსულოები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათ დაეხმარონ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში. ჩვენ შევთანხმდით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, რომ თბილისში შეიქმნას სპეციალური მომსახურება, რომლის მეშვეობით ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ონლაინ კონსულტაციის მიღებას სპეციალისტებისგან“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს საელჩოები და საკონსულოები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა ყველა ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები ზუსტად აღრიცხონ.

„გვაქვს რამდენიმე შემთხვევა საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში და გერმანიაში. ყველა ეს შემთხვევა არის მკაცრად აღრიცხული. ბუნებრივია, ვართ კომუნიკაციაში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ერთობლივი ონლაინ კონსულტაციის მომსახურების დაფუძნება სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ ეს ყველა ადამიანი, ვინც ჩვენ აღრიცხული გვყავს და სახლის პირობებში გადის თვითიზოლაციას, იყოს ინფორმირებული ქართველი სპეციალისტების მიერ და ჰქონდეს შესაბამისი რეკომენდაცია კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთში კორონავირუსის შედეგად საქართველოს 74 წლის მოქალაქე დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი