ახალი ამბები

მინისტრის მოადგილის განმარტება კერძო ლაბორატორიებში COVID-19-ის ტესტების შემოტანაზე

19 მარტი, 2020 • 2005
მინისტრის მოადგილის განმარტება კერძო ლაბორატორიებში COVID-19-ის ტესტების შემოტანაზე

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი Facebook-ზე წერს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ხელოვნურად აფერხებს კორონავირუსის ტესტების რეგისტრაციისა და კერძო ლაბორატორიების მიერ ამ ტესტების შემოტანის პროცესს. კანდელაკის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით მსგავსი ტესტები უკიდურესად საჭიროა და ეს სამინისტროშიც კარგად უნდა ესმოდეთ.

“სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრო სრულიად ხელოვნურად აფერხებს კლინიკური დიაგნოსტიკის თვალსაზრისით კორონავირუსის ტესტების რეგისტრაციას და ლაბორატორიების მიერ მათი შემოტანის პროცესს! ეს არასწორი პოლიტიკა დიდ საფრთხეს უქმნის კორონავირუსთან კლინიკური თვალსაზრისით ბრძოლის ეფექტურობას.

ჩვენ ვიმყოფებით ეპიდემიოლოგიური ტალღის დარტყმის პირას და დაუყოვნებლივ გვჭირდება ტესტები!!! ეს უნდა გაიგონ სამინისტროში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა!!! გთხოვთ, ექიმები გავერთიანდეთ ამ მოთხოვნის ირგვლივ!” – წერს კანდელაკი.

ტესტების რეგისტრაციის შეფერხებას დღეს, 19 მარტს, გამართულ ბირიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელოვნური ბარიერებს არ ქმნიან და დადგენილი წესებით ხდება ტესტების შემოწმება, რათა საქართველოში უხარიხსო პროდუქტი არ შემოვიდეს:

“სამინისტრო დადგენილ წესს მიჰყვება, რაც დაწესებულია იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უხარისხო და არადასაბუთებული მახასიათებლების პროდუქციის, ამ შემთხვევაში, ტესტების შემოტანა ქვეყანაში. ამ ეტაპზე რეგულირების სააგენტოს მიერ სწრაფი ტესტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხუთი განცხადება განიხილება.

აქედან სამის განცხადება სრულად წესრიგშია და შეესაბამება მოთხოვნებს, ორ შემთხვევაში დამატებითი საფუძვლები მოვითხოვეთ. როგორც კი ეს საფუძვლები წარმოდგენილი იქნება, რეგულირების სააგენტო  წარმოების პროცესს დაასრულებს. ამდენად, უნდა დავიცვათ ის წესები, რომელიც დაწესებულია ხარისხის უზრუნველყოფისთვის. ხელოვნურ შეფერხება არ ყოფილა და არც ექნება”, – თქვა თამარ გაბუნიამ.


საქართველოში 19 მარტის ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა 40 მოქალაქეს, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 226.

მასალების გადაბეჭდვის წესი