ახალი ამბები

კორონავირუსი საქართველოს მოქალაქეებს 4 უცხო ქვეყანაში დაუდასტურდათ

19 მარტი, 2020 • 1158
კორონავირუსი საქართველოს მოქალაქეებს 4 უცხო ქვეყანაში დაუდასტურდათ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს კორონავირუსის ინფექცია 4 სხვადასხვა ქვეყანაში დაუდასტურდა.

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ინფორმაცია ადგილობრივი საელჩოებისგან და საკონსულოებისგან მიიღეს.

„ეს ინფორმაცია ეფუძნება იმ მონაცემებს, რასაც ჩვენი საელჩოები და საკონსულოები აღრიცხავენ, ეს კი მოქალაქეების ზარებზეა დაფუძნებული.

გვაქვს რამდენიმე შემთხვევა საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. ყველა ეს შემთხვევა მკაცრად აღირცხულია და ჩვენ ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ვართ კომუნიკაციაში“, – ამბობს ზალკალიანი.

ზალკალიანმა ასევე განმარტა, რომ ინფიცირებულები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, რადგან ევროპის ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, უდასტურდება თუ არა ადამიანს ინფიცირება, სახლის პირობებში თვითიზოლაციაზე უწევენ რეკომენდაციას.

„ჩვენ ყველა მათგანი დავაკავშირეთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რათა მათ ცენტრის სპეციალისტებისგან მიიღონ რეკომენდაციები“, – განმარტავს მინისტრი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. მთავრობის ინფორმაციით, 74 წლის ქალს პარალელურად ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

საქართველოში 19 მარტის ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა 40 მოქალაქეს, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 226.

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

მასალების გადაბეჭდვის წესი