დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი (NCDC) ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია ერთ-ერთ სასტუმროსთან დაკავშირებული კორონავირუსული ინფექციის გავრცელების შემთხვევის შესახებ, თუმცა ამ საკითხზე ცნობებს ვერ გასცემს პერსონალური ინფორმაციის გამო.
ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, კორონავირუსის საკითხზე შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. ჟურნლისტს აინტერესებდა, თუ ხდება კლიენტების გაფრთხილება ამ საკითხზე.
გამყრელიძის თქმით, [ამ კლასტერიდან] ინფიცირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, მისი თქმით, ჯამში, NCDC-ის ყველა, ანუ 40 ინფიცირებულის 238 კონტაქტის მიმართ აქვს გაკეთებული ჩაღრმავებული კვლევა, რომელთაგან ბევრი გამოკვლევა სწორედ ამ შემთხვევას ეხება.
“ეს გახალვთ პერსონალური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მე ვფლობ ინფორმაციას და რომ დავასახელე 238 კონტაქტი, რომელიც იქნა გამოკველეული, ბევრი კონტაქტი სწორედ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით იქნა გამოკვლეული, რაზეც კითხვას მისვამთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს გამყრელიძემ განაცხადა, რომ 40 ინფიცირებული შემთხვევიდან 2-ს აქვს ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთს ესპანეთთან აქვს კავშირი, “3 გარკვეულწილად დაკავშირბეულია საფრანგეთთან”, ხოლო დანარჩენები- იტალიასთან. რამდენიმე დღის წინ ინფექციური საავამდყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, რომ ერთი ინფიცირებულის დაავადების წყარო უცნობია, ამირან გამყრელიძემ კი განაცხადა, რომ ინფიცირების წყაროს ეძებენ და აქვთ იმედი, რომ დაადგენენ.