ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფასების ზრდისა და ეკონომიკური ვარდნის მოლოდინი სომხეთში

22 აგვისტო, 2015 • • 1304
ფასების ზრდისა და ეკონომიკური ვარდნის მოლოდინი სომხეთში

ბოლო წლებში სომხეთში, რუსეთისგან განსხვავებით,  სტაბილური ეკონომიკური სიტუაცია იყო, თუმცა დღეს უკვე ზედაპირული ანალიზიც აჩვენებს, რომ ვითარება ყოველდღიურად უარესდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს სომხეთში 0%-ანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება. მომდევნო წელს კი მაქსიმუმ 1%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზია.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდში მიიჩნევენ, რომ სომხეთის ეკონომიკაზე ძირითადად გავლენას ახდენს რუსეთში ეკონომიკური ვარდნა და ნავთობზე ფასების შემცირება. 40%-ით შემცირდა რუსეთიდან სომხეთში ფულადი გზავნილების მოცულობა, ასევე, შემცირებულია ექსპორტი.

 

სომხეთის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო სტრუქტურებმა იჩქარეს სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების უარყოფითი მიმართულებით დაზუსტება და არ შეუფასებიათ ქვეყნის შიდა შესაძლებლობები. მთავრობა დარწმუნებულია, რომ პერსპექტიული ზრდის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია შიდა რესურსებისა და ადამიანური კაპიტალის კონცენტრირება, პროგრამები კი უნდა დაეფუძნოს საზოგდაოების “ხაზგასმულ სამეწარმეო შესაძლებლობებს”. მთავრობა აცხადებს, რომ მიაღწევს თითქმის 4%-იან ეკონომიკურ ზრდას.

 

ამ ეტაპზე ეს განცხადებები შეგვიძლია ძალიან დეკლარირებულად მივიჩნიოთ, რადგან ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება გრძელდება, იკეტება მცირე და საშუალო საწარმოები, ხოლო პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებიდან გამომდინარე, რომ მთავრობა არ მოახდენს ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მსხვილი საწარმოებისთვის, უკვე სექტემბერში მოსალოდნელია სომხურ პროდუქციაზე ფასების ზრდა.

 

საზოგადოებაში ნაკლებად ჯერათ, რომ სიტუაცია შესაძლოა გამოსწორდეს მანამ, სანამ ქვეყანაში მთელი ეკონომიკა ფაქტობრივად ოლიგარქების ხელშია თავმოყრილი, რომელთა ინტერესებს ხელისუფლება საკუთარივით იცავს.

 

თავად ხელისუფლება ეროვნული სტატისტიკის სამსახურის საშუალებით ახდენს ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების ილუსტრირებას. 2015 წლის პირველ ნახევარში სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 22%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით; სომხეთიდან რუსეთში ექსპორტი 47%-ით დაეცა, რუსეთიდან სომხეთში კი – 15%-ით. ციფრები შთამბეჭდავია და როგორც უნდა გინდოდეს, რომ არ შეეხო სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლის თემას, სწორედ ამ კავშირშია კრიზისის ბევრი მიზეზი.

ერევანი
ერევანი

 

როცა სომხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს შეუერთდეს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, ირწმუნებოდა, რომ ეს სწორედ ის ბაზარია, რომელიც გახსნის სომხეთის ეკონომიკისთვის ბევრ შესაძლებლობას, მათ შორის ექსპორტის საკითხში. ამ წლის დასაწყისიდან სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია. გავიდა უკვე თითქმის 8 თვე და არავითარი სარგებელი სომხეთისთვის ექსპორტის საკითხში ამ კავშირს არ მოუტანია. პირიქით, სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ყაზახეთთან და ბელარუსთან, რომლებიც ასევე არიან ამ კავშირის წევრები. თუკი შევადარებთ წინა წლის პირველ ნახევარს, წელს ექსპორტი ყაზახეთთან შემცირდა 33%-ით, იმპორტი – 55%-ით; ბელარუსთან ექსპორტი შემცირდა 29.7%-ით, იმპორტი – 12.1%-ით.

 

უკეთესი ვითარება დსთ-ს არც სხვა ქვეყნებთან მიმართებაშია და არც ევროპულ ქვეყნებთან, თუმცა ევროპის მიმართულებით უფრო უკეთესი მდგომარეობაა.

 

ხელისუფლების დაპირებებმა, რომ სომხეთის წინაშე იხსნება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის 170 -მილიონიანი ბაზარი და ეს სავაჭრო ბრუნვის გაზრდას და ეკონომიკის განვითარებას, ასევე, ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს, პირველსავე ჯერზე გამოცდას ვერ გაუძლო. ამასთან, ვარდნა ფიქსირდება შიდა სავაჭრო ბრუნვაშიც. წინა წელთან შედარებით თითქმის 5%-ით გაიზარდა მომსახურებისა და საქონლის ფასები.

 

თუკი ხელისუფლება მართლა არ მოახდენს მსხვილი მეწარმეებისთვის გაძვირებული ელექტროენერგიის სუბსიდირებას და, როგორც აპირებს, ახალი წლიდან გაზრდის აქციზის გადასახადს ბენზინზე, დიზელსა და თხევად გაზზე (რაზეც მუშაობს ქვეყანაში ტრანსპორტის უმრავლესობა), ასევე, ალკოჰოლსა და სიგარეტზე, ხალხის საცხოვრებელი პირობები გართულდება.

 

ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ სომხეთის ეკონომიკა მხოლოდ მოიგებს ამ კავშირის წევრობისგან. უფრო მეტიც, იყო მოლოდინი, რომ 270-300 მილიონ დოლარს მიიღებდა სომხეთი მხოლოდ საბაჟო შემოსავლების ხაზით. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე სომხეთი დამოუკიდებლად იღებდა. თუმცა სომხეთში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა შემცირდა არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სომხეთში 30%-ით შემცირდა მომხმარება, არამედ იმის გამო, რომ სომხეთში მეწარმეების ნაწილი ამჯობინებს საქონელი განაბაჟოს რუსეთში და არა – სომხეთში. ზოგადად, მეწარმისთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, თუ სად განაბაჟებს საქონელს, თუკი განბაჟების ტარიფი ევრაზიული საბაჟო კავშირის ტერიტორიაზე ერთნაირია. თუმცა მეწარმეებისთვის უფრო ადვილი და კომფორტულია იმუშაონ რუსეთში მდებარე საბაჟო პუნქტებთან. საქართველოს ტერიტორიაზეც განბაჟებაც უფრო მომგებიანად მიაჩნიათ, რადგან ისინი მუშაობენ შეუფერხებლად და კორუფციის გარეშე. სომხეთში უფრო მკაცრი კანონებია განბაჟების კუთხით და კორუფციის რისკები ჯერ ისევ არსებობს. ამგვარად, უახლოეს მომავალშიც კი სომხეთში არავინ განაბაჟებს საქონელს, რამდენადაც რუსეთში განბაჟებული საქონელი შეუფერხებლად შედის სომხეთში.

 

სომხეთმა “გახსნილად” გამოაცხადა საჰაერო სივრცეც და აქედან წავიდა ყველა დასავლური ავიაგადამზიდავი და მონოპოლია დარჩა რუსულ და უკრაინულ კომპანიებს. სომხებს ურჩევნიათ იფრინონ თბილისიდან, რადგან ეს უფრო იაფი უჯდებათ. რუსულ კომპანიებთანაა მიბმული ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორიცაა რკინიგზა, გაზის და ელექტროენერგიის განაწილება, ტელეკომუნიკაცია, ბანკები. მნიშვნელოვნად დაეცა რუსეთში მომუშავე სომეხი მიგრანტების მიერ გამოგზავნილი ტრანსფერების მოცულობა, რაც განპირობებულია რუბლის ვარდნითა და თავად რუსეთში ფასების ზრდით. ეს მაჩვენებელი კი – 2 მილიარდი დოლარი, თითქმის სახელმწიფო ბიუჯეტს უტოლდებოდა. შემცირდა ინვესტიციები – რუსული, რადგან უკვე ჩასადები ფული აღარ არის და დასავლური – რადგან სომხეთმა არჩევანი ევრაზიული ეკონომიკური კავშირისკენ გააკეთა.

გაიზარდა სახელმწიფო ვალი. მთავრობას გაუჭირდება ვითარების გამოსწორება, თუკი ყოველი ახალი იდეა ან გეგმა აქ რუსულ ინტერესებს დაეჯახება. მაგალითად, რუსეთს არ აწყობს ახალი გაზსადენის ირანი-სომხეთი-საქართველო-ევროპა (შავ ზღვაზე) ან რკინიგზის მშენებლობა, რომელიც დააკავშირებდა ირანს სომხეთთან, უფრო ზუსტად კი – სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან. სომხეთი ჯერ დაჟინებით არაფერს ითხოვს… და თუკი ის გააგრძელებს ეკონომიკის საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ მოწყობას, კოლაფსი გარდაუვალია.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი