ახალი ამბები

შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება – მთავრობა

19 მარტი, 2020 • 2002
შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება – მთავრობა

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

ირაკლი ჩიქოვანს, საბჭოს სპიკერს, არ დაუკონკრეტებია, რა სახის გამკაცრებებია დაგეგმილი. მისი თქმით, ყველა სამინისტროს მიეცა მითითება, რომ უახლოს დროში წარმოადგინონ ხედვა, თუ რისი გამკაცრებაა შესაძლებელი სფეროების მიხედვით.

ჩიქოვანის თქმით, ეს არაა საგანგებო მდგომაროება, ესაა შეზღუდვების გამკაცრების ფაზა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მომდევნო დღეების განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა ახალი შეზღუდვებიც დაწესდეს.

“მაგალითად, დღეს შევზღუდეთ გარკვეული საზოგადოებრივი ტრანსპორტის [მიკროავტობუსები] მოქმედება, შეიძლება მოგვიწიოს დამატებითი შეზღუდვები ტრანსპორტის ნაწილში”, – განაცხადა გახარიამ რ2-ის ეთერში 17 მარტს.

მისივე თქმით, შეზღუდვები კიდევ უფრო გაფართოვდება მასობრივი თავშეყრის ადგილებზე:

“ალბათ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები მოქალაქეების თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ.”, – ამბობს გახარია.

მან მთავრობის მთავარი მიზანი კორონავირუსის წინააღმდეგ ასე დაახასიათა:

“ჩვენი ამოცანა მარტივია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, რათა ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი დრო, რომ უკვე ინფიცირებულ ადამიანებს მაქსიმალურად ეფექტურად უმკურნალონ. რას ნიშნავს ეს? ჯანდაცვის სისტემას ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მათზე ზეწოლის, მიმართვიანობის რაოდენობა არ იყოს პიკური. ესაა ჩვენი ძირითადი ამოცანა. ესაა ხარისხობრივი ცვლილება მენეჯმენტში. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმში გადადის, თუმცა შეიძლება ასეთი გამოწვევის წინაშეც დავდგეთ, ისევე როგორიც საგანგებო მდგომარეობაც…”, – განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი