ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

700-1000-კაციანი ქორწილები და ხალხმრავალი შეხვედრები კანდიდატებთან – კარანტინი აფხაზეთში

19 მარტი, 2020 • 2781
700-1000-კაციანი ქორწილები და ხალხმრავალი შეხვედრები კანდიდატებთან – კარანტინი აფხაზეთში

მარიანა კოტოვა სოხუმიდან


სოხუმისთვის დილის ცხრა საათი, როგორც წესი, პიკის საათია, თუმცა ამჟამად სამარშრუტო ტაქსები თითქმის ცარიელი დადის. ტროლეიბუსები კი უფრო პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს, რომ ყოველ დილით და საღამოს მათ სადეზინფექციო ხსნარებით ამუშავებენ.

პანიკა არ იგრძნობა და არც სასურსათო მაღაზიის დახლებია ცარიელი. შესაძლოა, მოსახლეობის სიმშვიდე იმასაც უკავშირდება, რომ ამ ეტაპზე აქ COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევა არ ყოფილა. თუმცა ამის გამოვლენა ისედაც ვერ მოხერხდებოდა, რადგან ვირუსის დამდგენი ტესტები აფხაზეთში ჯერ არ შემოუტანიათ.

“19 მარტს რუსეთიდან ველოდებით ტესტებს, მაგრამ მათ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გამოვიყენებთ, ჰოსპიტალიდან მომართვის შემთხვევაში. ეს სისტემები ძვირადღირებულია, თითოეული 400 ევრო მაინც ღირს და სულ 80 სინჯზეა გათვლილი. როგორც ე.წ. ღორის გრიპზე იყო შარშან, ასე აღარ გამოვა. მაშინ ნებისმიერს შეეძლო კერძო ლაბორატორიაში მისვლა და H1N1-ზე ანალიზის აღება. ახალ კორონავირუსზე რუსეთშიც კი არ უკეთებენ ტესტს ნებისმიერს”, – ამბობს აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი ლიუდმილა სკორიკი.

მისივე თქმით, დღეს მნიშვნელოვანია, რომ “აფხაზეთში ერთი დაინფიცირებულიც კი არ იყოს”.

საფრთხის თავიდან ასარიდებლად,სკოლის მოსწავლეებს, “კარანტინის” ხსენების გარეშე, გაურკვეველ დრომდე არდადაგები გაუხანგრძლივეს.

“ჩვენთან არ არის დისტანციური სწავლება, მოგეხსნებათ, ყველას არ აქვს ინტერნეტი ან კომპიუტერი, და საერთოდაც, რა საჭიროა, თუკი ბავშვები ისედაც ყველა საგანში ინდივიდუალურად ემზადებიან. სანამ ბავშვები ისვენებენ, მე არ ვტვირთავ მათ სწავლით, თუმცა, თუკი კარანტინი გაგრძელდება, რამე იქნება მოსაფიქრებელი, რომ პროგრამას არ ჩამორჩნენ”, – გვიყვება მილანა ჭკადუა, სამი შვილის დედა და სოხუმის ერთ-ერთი სკოლის მშობელთა კომიტეტის წევრი.

7 აპრილამდე დაიხურა თეატრებიც. ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის გამო სახელმწიფო დრამატული თეატრი დაახლოებით მილიონამდე რუსულ რუბლს დაკარგავს.

“კიდევაც გაგვიმართლა, რომ ხალხმა უკვე ნაყიდი ბილეთების დაბრუნება არ დაიწყო, რაც ნამდვილად კიდევ უფრო დაგვაზარალებდა”, – გვიყვება ირაკლი ხინთბა, თეატრის დირექტორი.
მისივე თქმით, ამ სიტუაციასაც აქვს თავისი დადებითი მხარე. მსახიობებს მეტი თავისუფალი დრო აქვთ ახალი სპექტაკლის, “სისხლიანი ქორწილის” რეპეტიციებისთვის.

“ყველა მსახიობი სრულ სამუშაო დღეს მუშაობს, თუმცა ხელფასს ახლა არსებითად ნაკლებს [დაახლოებით, 130 ევრო] იღებენ, ვიდრე ჩვეულებრივ, ისიც უკვე გაყიდული ბილეთების ხარჯზე. მარტის ბოლოს ეს ფულიც არ იქნება”, – ამბობს ხინთბა.

პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებით, ყველა კულტურული და სპორტული ღონისძიება აიკრძალა. თუმცა შეუზღუდავად იმართება ხალხმრავალი [700 კაცზე მეტი] შეხვედრები  საპრეზიდენტო კანდიდატებთან.

აფხაზეთის მოსახლეობა არც 700-1000- კაციან ქორწილებზე ამბობს უარს. ტრადიციულად ხალხმრავლობით მიმდინარეობს დაკრძალვებიც.

“არსებობს ასეთი გაგება – პატივისცემა. ჩვენ აფხაზეთში ვცხოვრობთ და ჩვენი ვალია, ადამიანს პატივი მივაგოთ. ეპიდემია ჩაივლის, ხალხს კი სულ ემახსოვრება, რომ არ მიხვედი”, – ამბობს 80 წლის აფხაზი ლუსია არგუნი.

ისინი, ვინც სამედიიცნო ნიღბების ყიდვა მოასწრო, ხალხმრავალ ადგილებში ნიღბებით მოდიან. ვინც ვერ მოასწრო ყიდვა, ჯერჯერობით ვეღარც იყიდის – აფთიაქებში ყველა მარაგი ამოიწურა, რადგან რუსეთმა ქვეყნიდან ნიღბების გატანა აკრძალა. თუმცა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებმა განაცხადა, რომ აფხაზეთი თავადვე მოაგვარებს ამ საკითხს და ნიღბებს შეკერავს, ” ამისთვის  კი დროა საჭირო, ასევე, მასალების ჩამოტანა და წარმოების ორგანიზება”.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი რუსტამ ზანთარია ირწმუნება, ყველა, ვინც არჩევნებზე იმუშავებს, უზრუნველყოფილი იქნება ნიღბებით, რომლებიც აფხაზეთმა ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღო.

ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად აფხაზეთმა სამედიცინო პერსონალის აღჭურვილობა, ნიღბები და ანტისეპტიკური საშუალებები მიიღო.

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები პირველად ჩაივლის საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე. რუსეთმა საკუთარი დელეგატები უკან გაიწვია და მალევე, პირველ მაისამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. შეღზუღდვა არ შეეხება რუსული პასპორტის მქონე აფხაზებს, ასეთი კი,მოსახლეობის დაახლოებით 90%-ია.

სოხუმი, 18.03.2020; ფოტო: ნეტგაზეთი

სოხუმი, 18.03.2020; ფოტო: ნეტგაზეთი

სოხუმი, 18.03.2020; ფოტო: ნეტგაზეთი

სოხუმი, 18.03.2020; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი