ახალი ამბები

გოგიჩაიშვილი ვადიანი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვს

19 მარტი, 2020 • 1005
გოგიჩაიშვილი ვადიანი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვს

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ვადიანი საგანგებო მდგომაროების შემოღებას ითხოვს.

ეს საკითხი დეპუტატმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, 19 მარტს დააყენა.

“მთავარი პრობლემაა პანიკა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ იმ ზიანს, რასაც ამ მოცემულობას ეკონომიკისთვის მოაქვს, ქვეყანა ისედაც იღებს. მგონია, უფრო მეტად რომ შევძლოთ პროცესების მართვა, არ არის აუცილებელი, რაღაც საკითხები გადავდოთ. მე გთავაზობთ, პირველ ეტაპზე ვიფიქროთ ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე იმისთვის, რომ ხელისუფლებამ პროცესები მართოს, მართოს საინფორმაციო სივრცეც რაღაც თვალსაზრისით, რომ ხელი არ შეეწყოს კიდევ უფრო მეტად პანიკის, ნიჰილიზმისა და სხვა გარემოებების გამოწვევას”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ხელისუფლებას ექნება ლეგალური უფლება, გამოავლინოს პრობლემები და ჩააცხროს პანიკა ისევე, როგორც ებრძოლოს ვირუსის გავრცელებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება, პირიქით, უფრო გააღმრავებს პანიკას.

დეპუტატმა ლადო კახაძემ კი გამოთქვა მოსაზრება, რომ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მოქალაქეების იზოლირება და თავისუფლების აღკვეთა შესაძლოა, ვინმემ სათავისოდ გამოიყენოს და პოლიტიკურ დევნად გამოაცხადოს ამიტომ საჭიროა, წინასწარ დავიზღვიოთ თავი, რომ მსგავსი შეფასება არ გაკეთდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას საგანგებო მდგომარების შესახებ პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.


19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1 600-მდე ადამიანი იმყოფება, 200-ზე მეტი კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი