ახალი ამბები

ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ ჩატარდება, იმედია, ზაფხულისთვის გადაივლის – კობახიძე

19 მარტი, 2020 • 1067
ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ ჩატარდება, იმედია, ზაფხულისთვის გადაივლის – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება“, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ეპიდემია ზაფხულისთვის გადაივლის.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერშია ჩანიშნული. „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან საპარლამენტო უმრავლესობას, 2016 წლიდან კი საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდა.

კობახიძემ, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებს, 18 მარტს „იმედის“ ეთერში განაცხადა:

„ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზაფხულისთვის უკვე ეპიდემია გადაივლის და შესაბამისად მოხერხდება. არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად სტანდარტულ გარემოში. შესაბამისად, [ამომრჩევლის] აქტივობაზე ეს არ უნდა აისახოს“.

ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი ამის საჭიროება დადგა, შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმ ვადით, რომ კონსტიტუციური ცვლილებები — რაც ოქტომბრის არჩევნების ახალი წესით ჩატარებას ითვალისწინებს — არ შეფერხდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი