ახალი ამბები

იმედია, საპატრიარქო სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს – იმნაძე ზიარების წესის შეცვლაზე

18 მარტი, 2020 • 1758
იმედია, საპატრიარქო სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს – იმნაძე ზიარების წესის შეცვლაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ იმედი აქვს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ზიარების წესთან დაკავშირებით „შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“.

ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერჯერობით არ მიუღია ზიარებისას საერთო კოვზის გამოყენების პრაქტიკაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, რითაც ეს რისკი შემცირდებოდა.

დღეს, 18 მარტს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება, სადაც კორონავირუსით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

18 მარტსვე პაატა იმნაძეს ამ თემასთან დაკავშირებით ტვ პირველის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა დაუსვა კითხვა, — აქვთ თუ არა ჯანდაცვის სპეციალისტებს კომუნიკაცია საპატრიარქოსთან, რათა ისინი გადაწყვეტილების მიღებამდე „შეიარაღდნენ ინფორმაციით“, რაზეც იმნაძემ უპასუხა:

„დიდი ხანია, ინტენსიური შეხვედრები გვაქვს … მათ შორის ეპარქიებში… ეკლესიამ მიიღო უკვე გარკვეული გადაწყვეტილებები და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქო სიატუაციის მიხედვით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს [ზიარების წესში კორექტირებასთან დაკავშირებით]“.


დღეს მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ თქვა, რომ ზიარების წესი უნდა შეიცვალოს — „ახლა სხვისი სიცოცხლის გარისკვის ფასად გმირობის და თამაშის დრო არაა“, – თქვა მან.

„როცა ზიარებაზე ვლაპრაკობთ, წესი არის გაცემა – გაცემის წესი. შინაარსი არის ზიარება. ზიარების მადლმოსილებას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ გაცემის წესი საუკუნეების განმავლობაში მართლაც იცვლებოდა და სრულიად განსხვავებული გვაქვს დღეს, ბოლოს და ბოლოს, წმინდა წირვა, რომელსაც აღვასრულებთ ყოველდრიურად, სრულიად განსხვავდება იმისა, რაც აღასრულა მაცხოვრამა საიდუმლო სერობისას“, – განაცხადა დეკანოზმა გალდავამ.

საერთო კოვზით ზიარება სარისკოა | კორონავირუსი

ნახეთ ასევე:

საერთო კოვზით ზიარება სარისკოა | კორონავირუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი