ახალი ამბები

მერიის ცნობით, სტიქიით დაზარალებულმა 12-მა ოჯახმა გადარიცხული თანხით ბინა შეიძინა

20 აგვისტო, 2015 • • 1256
მერიის ცნობით, სტიქიით დაზარალებულმა 12-მა ოჯახმა გადარიცხული თანხით ბინა შეიძინა

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ჯიბუტების, ახალკაცების და ზანგურაშვილების ოჯახებმა შეიძინეს ბინა. ჯიბუტების 11- წევრიანმა ოჯახმა ანაზღაურება სულადობის მიხედვით აირჩია, ასეთივე ანაზღაურების მეთოდოლოგიას მიანიჭეს უპირატესობა ზანგურაშვილების 3-წევრიანმა და ახალკაცების 7-წევრიანმა ოჯახებმა.

 

თბილისის ვიცემერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დაზარალებულმა ოჯახებმა მათთვის ჩარიცხული თანხიდან ორ-ორი ბინა შეიძინეს.

 

„დღეს მოვინახულეთ ოჯახები, რომლებმაც ჩვენს მიერ გადარიცხული თანხებით ბინები შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დაზარალებულმა ოჯახებმა  ჩარიცხული თანხიდან ორ-ორი ბინა შეიძინეს. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს დანარჩენ ოჯახებთან, სრულად ვართ მობილიზებული და მათი მხრიდან ხელმოწერისთანავე ყველა ოჯახს გადაერიცხება შესაბამისი თანხა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

მერია აცხადებს, რომ 20 აგვისტოს მდგომარეობით, მან 32 ოჯახს 8 860 396 ლარი გადაურიცხა. მათგან 14-მა ოჯახმა აირჩია თანხის ანაზღაურება სულადობის მიხედვით, ხოლო 18-მა – მათ საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით.

 

მერიის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენლებმა დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაკრები გადასცეს.

 

მათი განცხადებით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის შეიძენს ტექნიკის ნაკრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი