ახალი ამბები

შრომის ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევები და დაგეგმილი ცვლილებები

20 აგვისტო, 2015 • • 2335
შრომის ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევები და დაგეგმილი ცვლილებები

შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შრომის პირობების მონიტორინგის პირველადი შედეგები შეაჯამა. საწყის ეტაპზე მონიტორები სამუშაო გარემოს უსაფრთხოების ნორმებს აკვირდებოდნენ.

 

დეპარტამენტი ივლისში შეიქმნა და ამ დრომდე მონიტორინგი 31 სახელმწიფო და კერძო კომპანიაში ჩატარდა. მათ შორისაა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება, პარკები და სავაჭრო ქსელი.

 

სახანძრო და სავენტილაციო სისტემის გაუმართაობა, ევაკუაციის გეგმის არარსებობა, პერსონალური დაცვის აღჭურვილობის არქონა – ის ძირითადი პრობლემებია, რომელთა გადაჭრის შესახებ დეპარტამენტმა ყველაზე მეტი რეკომენდაცია გასცა. როგორც ჯგერენაია აღნიშნავს, კომპანიებში ასევე არ ხდება დარღვევების შესახებ  შესაბამისის დოკუმენტაციის წარმოება.  

 

“შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი გასცემს რეკომენდაციებს და დამსაქმებელი ამ რეკომენდაციების საფუძველზე ეტაპობრივად ამღოფხვრის არსებულ დარღვევებს. შესაბამისად, ეს დაეხმარება არა მარტო დასაქმებულს, რომლისთვისაც ღირსეული სამუშაო პირობები შეიქმნება, არამედ დამსაქმებელსაც, რომელსაც დაეზოგება დასაქმებულის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზარალის ანაზღაურების ხარჯები და ეს, რა თქმა უნდა, გააუმჯობესებს სამუშაო პირობებს,”- აცხადებს ელზა ჯგერენაია.

 

ამ დროისთვის შრომის ინსპექცია მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევს მასპინძელ კომპანიებს. რეკომენდაციების გადამოწმების მიზნით, გარკვეული დროის შემდეგ შრომითი ინსპექციის წარმომადგენელი კვლავ მიდის კომპანიაში და აფასებს, რამდენად გაითვალისწინა დამსაქმებელმა ინსპექციის რჩევები. სანქციები ამ სფეროში შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება.

 

“მზადდება შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, სადაც არის გაწერილი ის სანქციები, უფლებამოსილებები და ნორმები, რომელიც ეხება როგორც დასაქმებულს, ისე დამსაქმებელს. როდესაც კანონპროექტს მივიღებთ, ამოქმედდება უკვე სანქციები, მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი არის საწყის ეტაპზე, ამიტომ მხოლოდ რეკომენდაციებით შემოვიფარგლებით,”- აცხადებს ჯგერენაია.

 

პროგრამაში ჩართვა ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია დამსაქმებლებისათვის, თუმცა, როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, მათი მხრიდან დაინტერსება დიდია.

 

“პირველი ფაზის მთავარი მისია არის ცნობიერების ამაღლება- როგორც დამსაქმებელი, ისე დასაქმებული კარგად უნდა იცნობდეს, თუ რა სახის შრომის უსაფრთხოების ნორმები უნდა შეამოწმონ ინსპექტორებმა. უკვე არაერთი განცხადება გვაქვს კომპანიების მხრიდან, რომლებიც გვეკითხებიან – რა სახის ტექნიკური რეგლამენტები უნდა დაიცვან, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დაინტერესების დონე არის მაღალი და მათ სურთ, რომ შეიქმნას ღირსეული სამუშაო გარემო,” – აცხადებს ელზა ჯგერენაია.

 

2016 წლის იანვრიდან შემოწმების გავლა სავალდებულო გახდება და ინსპექციას დაემატება კიდევ ერთი კომპონენტი იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის აღმოფხვრისა და პრევენციის პირობების შემოწმების სახით. შემოწმდება ყველა ის კომპანია, სადაც არსებობს ტრეფიკინგის რისკები.

 

“უკვე მივიღეთ განცხადებები სხვადასხვა კომპანიის დასაქმებულთა მხრიდან, რომლებიც მიუთითებენ შრომით ექსპლუატაციაზე. შედგება სია, რომლითაც იხელმძღვანელებენ მონიტორები და ყველა ეს კომპანია გადამოწმდება. იანვრიდან კომპანიებში ჩვენი შესვლა უკვე სავალდებულო გახდება და არ იქნება კომპანიის ნებაზე დამოკიდებული,” – აცხადებს ელზა ჯგერენაია.

 

მონიტორის პოზიციის დასაკავებლად კონკურსის გზით 25 კანდიდატი შეირჩა, რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადების კურსი. დეპარტამენტის რეზერვში რჩება დამატებით 25 მონიტორი, რომლებიც უახლოეს მომავალში დასაქმდებიან უწყებაში. წლის ბოლომდე დაგეგმილია 150-ზე მეტ კომპანიაში შრომის პირობების უსაფრთხოების შემოწმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი