ახალი ამბებიეკონომიკა

მაჭავარიანი: მოლაპარაკებები გვაქვს დონორებთან დახმარების მობილიზებისთვის

18 მარტი, 2020 • 2137
მაჭავარიანი: მოლაპარაკებები გვაქვს დონორებთან დახმარების მობილიზებისთვის

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ინტენსიურ კომუნიკაციაშია, რათა ეკონომიკის მხარდამჭერი ღონისძიებები შემუშავდეს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მსოფლიოს ეკონომიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი გლობალური შენელების წინაშე დგას და ყველაზე მძიმე დარტყმას მიიღებს ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი სექტორი, როგორიც არის ტურიზმი და მასთან მომიჯნავე სექტორები:

“ამ კუთხით საქართველო შედარებით უფრო მოწყვლადია, რადგან ეს სფეროები და ეს სექტორები ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეორე საკმაოდ ნეგატიური ფაქტორი, რაც არის ნავთობის ფასების კოლაფსი.

ამან კი დამატებით ჩვენი ეკონომიკა დამატებითი გამოწვევის წინაშე დააყენა. თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყელა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ”, – ამბობს მაჭავარიანი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპრაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რათა ანტიკრიზისული ღონისძიებების ჩარჩო შეიქმნას. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის ზრდა იგეგმება. გარდა ამისა, მთავრობა სხვა დონორებისგანაც ცდილობს დიდი მოცულობით დახმარების მობილიზებას:

“ამ დღეებში ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთადაც ჩვენ შევიმუშავებთ ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებებს. პირველ რიგში, ამ ეტაპზე ვთანხმდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განახლებულ მაკროეკონომიკურ სურათზე, რომელიც იქნება ანტიკრიზისული ღონისძიებების ჩარჩო.

ჩვენ ვგეგმავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზრდას, საკმაოდ მნიშვნელოვან ზრდას. აქვე გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები სხვა დონორებთან და მათგანაც შესაძლებელი იქნება საკმაოდ სერიოზული დახმარებების მობილიზება. მინდა ხაზი გავუსვა, ამ კრიზისულ ვითარებას ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მომზადებული ხვდება. ჩვენ გასული ფისკალური წელი საკმაოდ წარმატებულად დავასრულეთ, გვქონდა საგადასახადო შემოსავლების ისტორიულად გადაჭარბება, ამის ხარჯზე შევქმენით მნიშვნელოვანი ფისკალური ბუფერები, რაც სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდა და ამ კრიზისულ ვითარებაში გამოვიყენებთ”, – ამბობს ფინანსთა მინისტრი.


მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექციით — Covid-19-ით თითქმის 200 000 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გარდაიცვალა თითქმის 8 000, გამოჯანმრთელდა — თითქმის 82 000.

საქართველოში დადასტურებულია 38 შემთხვევა, 1 261 ადამიანი კარანტინშია, 216 — სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი