ახალი ამბები

2016 წლის არჩევნებში პაატა ბურჭულაძის შესაძლო მონაწილეობას მის ფონდში უარყოფენ

19 აგვისტო, 2015 • 1630
2016 წლის არჩევნებში პაატა ბურჭულაძის შესაძლო მონაწილეობას მის ფონდში უარყოფენ

თეონა ჯორბენაძის თქმით, პაატა ბურჭულაძეს ამის შესახებ არაფერი უთქვამს და მას არ შეუძლია ეს ინფორმაცია დაადასტუროს. მისივე თქმით, ბურჭულაძეს მსგავსი შეთავაზება ყველა არჩევნების წინ აქვს. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ ვისგან იყო შემოთავაზება, ჯორბენაძე ამბობს, რომ მას არ სურს ინტერვიუს მოცემა და ამის შესახებ თავად პაატა ბურჭულაძეს ვკითხოთ. მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე საქართველოში თვის ბოლოს ჩამოვა. 

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, რამდენიმე დღის წინ გაზეთმა “ალიამ” გაავრცელა. “ალიას” ცნობით, პაატა ბურჭულაძე საპარლამენტო არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბრის ბოლოს მიიღებს. “ალია” ასევე აცხადებს, რომ ბურჭულაძეს მხარს ბიზნესწრეები, საპატრიარქო, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი უჭერს. 

 

გასულ თვეს “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლა არ გამორიცხა. ინტერვიუში ბურჭულაძე ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიათი დაწყებული, მას პოლიტიკაში მოსვლას ყველა ლიდერი სთავაზობდა, მაგრამ იგი არ დათანხმებულა. თუმცა,ამავე ინტერვიუში ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში სხვაგვარად მოიქცეს.

პაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე

 

“თუ საჭირო იქნება და ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს,”– ამბობს ინტერვიუში ბურჭულაძე. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას პატრიარქის ლოცვა–კურთხევის გარეშე არ მიიღებს. 

 

გავრცელებულ ინფორმაციას ბურჭულაძის პოლიტიკაში ჩართვის შესახებ ფეისბუკის საშულებით მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე გამოეხმაურა. კაკაბაძე ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკას ახლა საერთაშორისო მასშტაბის შემოქმედი ადამიანი სჭირდება – “რომელიც სხვებთან ერთად შექმნის ჩვენს მრავალხმიან მომავალს, რომელსაც ეყოფა გამბედაობა ახალი ხედვისთვის და რომელიც დაშტამპულ პოსტმოდერნულ დოგმებში და სტერეოტიპებში არ მოექცევა”. 

 

მიხარია ქართულ პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის სახელის გამოჩენა. მზად ვარ გვერდზე დავუდგე მას და ყველანაირად დავეხმარო. მი…

Posted by Antonin IK Marto on Monday, August 17, 2015


ფორუმზე კი რამდენიმე მომხმარებელი პაატა ბურჭულაძის რუსეთთან სიახლოვეზე საუბრობს. ერთ–ერთი მათგანი წერს, რომ ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა “ნიშნავს ქვეყნის რეგრესს და ღია ანექსიას”.

 

“მთელ მსოფლიოში მიცნობენ, როგორც რუს ბანს და ვამაყობ ამით,”– განაცხადა პაატა ბურჭულაძემ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში 2012 წლის მარტში.  

 

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც იყო საუბარი პაატა ბურჭულაძის კანდიდატურის დაყენების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძესთან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე მოლაპარაკებას ჯონდი ბაღათურია აწარმოებდა. 

 

ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, გაცილებით უფრო მისაღებია და პაატა ბურჭულაძეც ვერ შეძლებს მას ღირსეული კონკურენცია გაუწიოს. მოგვიანებით ამ საკითხზე განცხადება პაატა ბურჭულაძემაც გაავრცელა, სადაც  საუბრობდა იმის შესახებ, რომ ამ ეტაპზე მისი პოლიტიკაში ჩართვის აუცილებლობა არ იდგა, თუმცა, თუკი ქვეყანას დასჭირდებოდა, ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. 

 

პაატა ბურჭულაძე მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალია. მან 2004 წელს საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” დააარსა, რომელიც უკიდურესაც გაჭირვებულ ბავშვებსა და ოჯახებს ეხმარება. 2010 წელს პაატა ბურჭულაძეს საქართველოში იუნისეფის პირველი კეთილი ნების ელჩის წოდება მენიჭა.


ბურჭულაძე პატრიარქთან დაახლოებული ფიგურაა. თებერვალში მისი იუბილის აღსანიშნავად საპატრიარქოში მიღება გაიმართა, სადაც პატრიარქმა ილია მეორემ მას სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატი და წმინდა გიორგის მედალიონი აჩუქა.

მასალების გადაბეჭდვის წესი