ახალი ამბები

კიდევ რა შეიძლება შეზღუდოს მთავრობამ – რას ამბობს გახარია

17 მარტი, 2020 • 1892
კიდევ რა შეიძლება შეზღუდოს მთავრობამ – რას ამბობს გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მომდევნო დღეების განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა ახალი შეზღუდვებიც დაწესდეს.

“მაგალითად, დღეს შევზღუდეთ გარკვეული საზოგადოებრივი ტრანსპორტის [მიკროავტობუსები] მოქმედება, შეიძლება მოგვიწიოს დამატებითი შეზღუდვები ტრანსპორტის ნაწილში”, – განაცხადა გახარიამ რ2-ის ეთერში.

მისივე თქმით, შეზღუდვები კიდევ უფრო გაფართოვდება მასობრივი თავშეყრის ადგილებზე:

“ალბათ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები მოქალაქეების თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ.”, – ამბობს გახარია.

მან მთავრობის მთავარი მიზანი კორონავირუსის წინააღმდეგ ასე დაახასიათა:

“ჩვენი ამოცანა მარტივია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, რათა ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი დრო, რომ უკვე ინფიცირებულ ადამიანებს მაქსიმალურად ეფექტურად უმკურნალონ. რას ნიშნავს ეს? ჯანდაცვის სისტემას ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მათზე ზეწოლის, მიმართვიანობის რაოდენობა არ იყოს პიკური. ესაა ჩვენი ძირითადი ამოცანა. ესაა ხარისხობრივი ცვლილება მენეჯმენტში. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმში გადადის, თუმცა შეიძლება ასეთი გამოწვევის წინაშეც დავდგეთ, ისევე როგორიც საგანგებო მდგომარეობაც…”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად ტექნიკურად მთავრობა დღესვე მზადაა, “მაგრამ ეს არაა თვითმიზანი”, რადგან ამ ეტაპზე არ აძლევს დამატებით ინსტრუმენტებს ეფექტურობისთვის, თუმცა. თუ დაინახავს “დისკომფორტს” რეკომენდაციების შესრულების ნაწილში, ამ ნაბიჯს გადადგამს.

“COVID-19-ისნაირი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია, არც მისი გავრცელების სისწრაფით, არც გლობალური მასშტაბისა და მოცულობის თვალსაზრისით, ყველა რეცეპტი, რომელსაც დღეს სხვადასხვა ადამიანები აჟღერებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ მათი აზრია. დღეს საქართველოს კი არა, ჩვენზე ეკონომიკურად და მეცნიერულად ბევრად ძლიერ ქვეყნებს არ აქვთ ზუსტად მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით შექმნილი გეგმა, რა იქნება დღეს და ხვალ. ეს ფაქტია. აქედან გამომდინარე შეფასებები იქნება ბევრი. საბოლოო ჯამში, შედეგმა უნდა აჩვენოს ყველაფერი. შედეგი დღეს რაც გვაქვს, ასე თუ ისე, პროცესის მართვას ვახერხებთ. ჩემი მთავარი მესიჯია, რომ გამოწვევები ხვალ იქნება კიდევ უფრო მეტი და მძიმე. ყველანი ერთად უნდა ვიყოთ მზად. შეუძლებელია მსგავს გლობალურ გამოწვევას მთავრობამ უპასუხოს მარტო”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საჭიროა ერთგვარი ბალანსი, ეს გამოწვევა უნდა დავამარცხოთ ისე, რომ “შევინარჩუნოთ მაქსიმალური მდგრადობა ეკონომიკაში, სოციალურ ქსოვილშიც, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც და კიდევ ბევრ რამეში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი