ახალი ამბები

გამყრელიძის განმარტება პაციენტზე, რომლის ინფიცირების წყაროც ჯერ უცნობია

17 მარტი, 2020 • 1683
გამყრელიძის განმარტება პაციენტზე, რომლის ინფიცირების წყაროც ჯერ უცნობია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა COVID-19-ით დაავადებული ერთი ადამიანის ინფიცირების პირველწყაროს დასადგენად.

როგორც ცნობილია, დღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო დაუდგენელია, რაც იმას ნიშნავს, რომ NCDC-იმ არ იცის, ვისგან ან სად გადაედო მას დაავადება.

გამყრელიძემ ეს საკითხი ტვ პირველზე ამგვარად განმარტა:

“მე პატარა კორექტივს შევიტანდი… ამ შემთხვევაზე ძალიან ღრმა ეპიდკვლევას ვაწარმოებთ, დაახლოებით 20-დან – 25-მდე კონტაქტზე. იმედი გვაქვს, რომ წყარო დადგინდება. ასე რომ, დარწმუნებით ჯერ ვერ გეტყვით, რომ გვყავს ინფიცირებული, რომლის პირველწყაროზეც ვერ გავდივართ. ინტენსიურად ვმუშაობთ, ჯაჭვია კონტაქტების. ვფიქრობ, გავალთ. თუ ვერ გავედით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევი იქნება, როცა არის დიდი ალბათობა, რომ ვეღარ გავალთ პირველწყაროზე”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 34
  • კარანტინის რეჟიმში – 1008
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64

მასალების გადაბეჭდვის წესი