ახალი ამბები

მინისტრი: საჭიროების შემთხვევაში მზად გვაქვს ხელოვნური სუნთქვის 150 აპარატი

17 მარტი, 2020 • 935
მინისტრი: საჭიროების შემთხვევაში მზად გვაქვს ხელოვნური სუნთქვის 150 აპარატი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამჟამად სამინისტროს უკვე მზად აქვს ხელოვნური სუნთქვის 150 აპარატი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულების მქონე პაციენტებისთვის გამოიყენებენ.

მინისტრის თქმით, ამჟამად ქვეყანაში ამის საჭიროება არ დგას, თუმცა აღნიშნული მოწყობილობები უკვე მოიძიეს და ყველა სტაციონარში აქვთ მობილიზებული:

„ყველა სტაციონარში მობილიზებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის აპარატები. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა – ჩვენ არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. თუმცა სამინისტროს უკვე მზად აქვს 150 ხელოვნური სუნთქვის აპარატი, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლთან, ასევე, ჩვენს სხვა ექიმებთან, რომლებიც ამ პაციენტებს სტაციონარში მკურნალობენ. დღეისთვის მათი რაოდენობა არის საკმარისი, ისინი არიან მზად და ეტაპობრივად გადიან გარკვეულ კონსულტაციებს და ტრენინგებს იმის შესაფერისად, თუ რა საჭიროება დგება ყოველ შემდეგ ნაბიჯზე“, – ამბობს ტიკარაძე.

მინისტრის თქმით, გარდა ამისა, ვინაიდან მოსახლეობაში ვირუსის გავრცელებაა მოსალოდნელი, სისტემაში დამატებით კლინიკებს ჩართავენ, რაც დამატებით 600 საწოლის რესურსს გააჩენს:

“ჩვენ მოვამზადეთ სისტემა იმისათვის, რომ მიგვეღო პირველი ტალღა. ეს პირველი ტალღა უკვე სისტემას ჰყავს მიღებული. ახლა ველოდებით შედარებით უფრო მეტ გავრცელებას მოსახლეობაში. ჩვენ ბოლო კვირის განმავლობაში აღვწერეთ ყველა საავადმყოფო, რომლის ჩართვასაც ვაპირებთ ამ პროგრამაში და ეს არის დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც 24-დან 48 საათში მზად იქნება პაციენტების მისაღებად.

აღწერილი იქნა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მათი პერსონალის მზაობა პაციენტების მისაღებად და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ კვირიდან სისტემა მზადაა მიიღოს ის გაზრდილი ნაკადი, რომელსაც ველოდებით“,- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი