ახალი ამბები

პატიმრებს ფასიან დროზე 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დაემატათ – პენიტენციური სამსახური

17 მარტი, 2020 • 1669
პატიმრებს ფასიან დროზე 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დაემატათ – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 16 მარტიდან პატიმარს კანონით დადგენილ ფასიან დროზე 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დაემატა. უწყების ცნობით, ციხებში პაემნების დროებით აკრძალვიდან გამომდინარე, ეს პატიმრებისთვის გარკვეული შეღავათია.

“პენიტენციურ სისტემაში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო ლიმიტები პატიმრის საშიშროების რისკისა და პენიტენციური დაწესებულების ტიპის შესაბამისად არის დაწესებული. ნახევრად ღია პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს ულიმიტო ფასიანი სატელეფონო საუბრის უფლება აქვთ, ხოლო განსაკუთრებული რეჟიმის დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის, მათი საშიშროების რისკის შესაბამისად, განსაზღვრულია ფასიანი დრო 30 ან 45 წუთი თვეში”, – წერია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსის საფრთხის გამო უწყებამ პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები შემოიღო. ამის გამო  ბრალდებულ/მსჯავრდებულებს შეუჩერდათ ხანმოკლე, ასევე, საოჯახო და ხანგრძლივი პაემნების უფლებით სარგებლობა.

“იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით და მიმწოდებელ კერძო კომპანიასთან ჩატარებული შესაბამისი სამუშაოების შედეგად, 16 მარტიდან პატიმრები სარგებლობენ ზემოხსენებული სატელეფონო შეღავათით, მათ შორის, განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში.

შეღავათის ფარგლებში თითოეულ პატიმარს (გარდა საგამოძიებო ორგანოს მიერ შეზღუდვადაწესებული ბრალდებულებისა და იმ პატიმრებისა, ვისაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დარღვევის გამო დისციპლინური სახდელის სახით სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ შეზღუდული) 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო აქვს, რომელსაც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებს”, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა, 1 000-ზე მეტი პირი კი კარანტინშია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი