ახალი ამბები

1320 ლარი – საქსტატი საშუალო ხელფასის ზრდაზე საუბრობს

17 მარტი, 2020 • 4288
1320 ლარი – საქსტატი საშუალო ხელფასის ზრდაზე საუბრობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აცხადებს, რომ 2019 წლის IV კვარტალში ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 1319.6 ლარი შეადგინა.

ეს ბოლო წლების განმავლობაში დასახელებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის ცნობით, ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდთან (ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი) შედარებით 117.6 ლარითაა გაზრდილი.

რიცხვი, რასაც საქსტატი დაქირავებით დასაქმებულების საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასად ასახელებს, გამოანგარიშებულია ფორმალურ სექტორში სხვადასხვა საწარმოს საერთო სახელფასო ფონდის შეფარდებით დასაქმებულთა რაოდენობასთან.

წყარო: საქსტატი

საქსტატის თანახმად, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასები დაფიქსირდება შემდეგ დარგებში:

  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები — 2216 ლარი; წლიური ზრდა 3.3% (ქვედა დიაგრამაზე – M)
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია — 2071 ლარი; წლიური ზრდა 12.4% (ქვედა დიაგრამაზე – J)
  • მშენებლობა – 2037 ლარი; წლიური ზრდა 4.1% (ქვედა დიაგრამაზე – F)
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 1936 ლარი; წლიური ზრდა 1.8% (ქვედა დიაგრამაზე – K)

ყველაზე დაბალი ხელფასები ფიქსირდება განათლების სფეროში (P), შემდეგ მოდის სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (A), წყალმომარაგება და ა.შ..

წყარო: საქსტატი

ზედა დიაგრამაზე მითითებულ ლათინურ ასოებს შეესაბამება ქვემოთ მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეები:

კლასიფიკაცია – ზედა დიაგრამაში მითითებული სექციების დასახელებები

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასევე ხაზს უსვამს სხვაობას კაცებისა და ქალების ხელფასებს შორის — ეს სხვაობა 574.4 ლარია. ქალების საშუალო ხელფასი 1018.5 ლარი იყო, ხოლო კაცებისა – 1 593.2. ამასთან, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

როგორ დგინდება საშუალო ხელფასი?

როგორც საქსტატი განმარტავს, ხელფასების სტატისტიკა ეყრდნობა საწარმოთა კვარტალურად ჩატარებულ კვლევას, რომლის ფარგლებშიც 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან იღებენ ხელფასების შესახებ ცნობებს [წლიურად – 18 000-მდე საწარმოსგან].

თუმცა ეს მონაცემები მოიცავს არა ინდივიდუალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებს შორის ხელფასების სხვაობის გაგებას, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.

მაგალითად, თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, საშუალო ხელფასი 1625 ლარი გამოდის.

არსებობს უფრო მოსახერხებელი მეთოდი — მედიანური მაჩვენებლით დათვლა [საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას. მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია].

იგივე მოცემულობა რომ ავიღოთ, რაც წინა შემთხვევაში: თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, მედიანური ხელფასი — 500 ლარი გამოდის.

გაიგეთ, რა მიზეზით არ ითვლის საქსტატი ხელფასებს ამ ხერხით და რა კითხვები არსებობს ხელფასების სტატისტიკის ამგვარად წარმოებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთის სტატიებიდან:

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს საქართველოში – მხარეთა დამატებითი არგუმენტები

მასალების გადაბეჭდვის წესი