ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტარს ტაბაწყურის ტბაზე თევზჭერის ლიცენზიას, სავარაუდოდ, გაუუქმებენ

17 აგვისტო, 2015 • • 1558
სომხეთის პარლამენტარს ტაბაწყურის ტბაზე თევზჭერის ლიცენზიას, სავარაუდოდ, გაუუქმებენ

რამდენიმე წელია, ადგილობრივ მოსახლეობასა და ტბაზე თევზჭერის ლიცენზიის მფლობელს შორის კონფლიქტი თევზჭერის ნებართვის საკითხზე არსებობს. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი მხარეებს შორის მიმდინარე ზაფხულშიც მოხდა – ადგილობრივები აპროტესტებენ, რომ მათ თევზჭერის ნებართვას არ აძლევენ. 

 

“ეს არის კლასიკური ლიცენზია, გაცემული ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მიერ, სადაც მათთვის დამახასიათებელი არათანმიმდევრულობით არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი. ლიცენზია გაიცა მხოლოდ იმის გამო, რომ ამის სურვილი ჰქონდა რამდენიმე ადამიანს, სხვა არაფერი იყო, სამწუხაროდ. შესაბამისად, დღეს ჩვენ მივიღეთ კონფლიქტი ლიცენზიანტსა და მოსახლეობას შორის, რომელიც ჩვენ ძალიან გვაწუხებს”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თემურ მურღულია. 

 

მურღულიას თქმით, სამინისტროს აღნიშნული კონფლიქტის მოგვარების არაერთი მცდელობა ჰქონდა.


“პირადად ვიყავი ადგილზე და მოსახლეობას დავპირდი ლიცენზიის მფლობელთან შეხვდრას და მასთან პრობლემის მოგვარებას, რაც გავაკეთე კიდევაც. ლიცენზიანტი დამპირდა მეც და შემდეგ- მინისტრსაც, რომ ყველა სალიცენზიო პირობას შეასრულებდა და ასევე შეეცდებოდა საერთო ენის გამონახვას მოსახლეობასთან. ვთხოვეთ მას ელემენტარული ყურადღება გამოეჩინა – მიეცათ საშუალება ადგილობრივი მოსახლეობისთვის მინიმალური, საკუთარი მოხმარებისთვის და არაკომერციული რეწვისთვის თევზი დაეჭირათ. ასევე ჩვენი თხოვნა იყო, ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთოთ თევზჭერის საქმიანობაში ანაზღაურების სანაცვლოდ”.


როგორც მურღულია ამბობს, გარდა, ადგილობრივებთან ამ დრომდე მოუგვარებელი კონფლიქტისა, აივაზიანის კომპანიას არ მოუგვარებია ლიცენზიის პიროებები, რომლის ვადაც, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს იწურება.

 

“ამ ვადამდე ის ფიზიკურად ვეღარ შეძლებს მოსწრებას, და დიდი ალბათობით არც აპირებს სალიცენზიო პირობების შესრულებას. ლიცენზიანტი ლიცენზიის დაკარგვის ზღვარზეა”, – აცხადებს მურღულია.

 

მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია ამბობს, რომ ლიცენზიის გაუქმებამდე უწყების სპეციალური ინსპექცია კიდევ ერთხელ შეამოწმებს, შესრულებულია თუ არა გარკვეული ვალდებებულები და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, 1 ოქტომბრის შემდეგ ბიზნესმენის კომპანიას სახელმწიფო ლიცენზიას გააუუქმებს. 

 

დღეს, 17 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ფოტომასალა წარწერით: 

 

გუშინდელი დღე ნიკოლოზთან და ანდრიასთან ერთად გავატარე. ტაბაწყურზე ერთად ვითევზავეთ. კარგი დღე იყო.

Posted by Irakli Garibashvili on Monday, 17 August 2015

 

კითხვაზე, თუკი ადგილობრივ მოსახლეობას არ გააჩნია ტბაზე თევზჭერის ნებართვა, როგორ მოიპოვა ის პრემიერმა ღარიბაშვილმა, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ ინდივიდუალური ანკესით თევზჭერის დროს, როგორც წესი, ლიცენზიანტები დე ფაქტო აღიარებენ მოქალაქეების უფლებას – ითევზაონ.

 

“სპორტულ სამოყვარულო თევზჭერაზე არ მახსენდება ლიცენზინატი, რომელიც მიუღებლობის პოლიტიკას გამოაცხადებდა. საქართველოში ყველა ლიცენზიანტს აქვს ეგ პოლიტიკა, ყოველ შემთხვევაში, ვისაც მე ვიცნობ. სპორტულ სამოყვარულო რეჟიმში თევზჭერაზე, როგორც წესი, პრობლემა არ არის”, – აცხადებს მურღულია.

 

სომხეთის მაღალჩინოსანმა ტაბაწყურის ტბაზე თევზაობის 20-წლიანი ლიცენზია 1800 ლარად 2010 წელს მოიპოვა. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი