ახალი ამბები

მეჭიაური: ეროვნული ბანკი ყველანაირად ეცდება ლარის გაუფასურება მთავრობას გადააბრალოს

17 აგვისტო, 2015 •
მეჭიაური: ეროვნული ბანკი ყველანაირად ეცდება ლარის გაუფასურება მთავრობას გადააბრალოს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ტელეკომპანია ”იმედთან” საუბრისას აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭო და მისი პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ლარის კურსის გაუფასურება ხელისუფლებას გადააბრალონ.

 

”ვერ გეტყვით, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი სურვილი იყოს ლარის გაუფასურება, თუმცა ჩემი დიდი ეჭვებია, რომ ეროვნული ბანკი ყველანაირად შეეცდება ლარის გაუფასურებაზე (ამას მაშინაც ვამბობდი, როცა ეროვნული ბანკის შესახებ კანონს განვიხილავდით) გადაიტანოს მოსახლეობის ყურადღება და ეს ხელისუფლებას გადააბრალოს. კერძოდ, იმიტომ, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შესახებ გადაწყვეტილებას ვიღებთ. ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ ლარის კურსის გაუფასურებისთვის ხელის წასაშველებლად. ეს არის არგუმენტებზე დაყრდნობილი ეჭვები, რომელსაც ფაქტებით გამაგრება სჭირდება და ფაქტები გვექნება ჩვენ მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო შეუდგება საქმიანობას.”

 

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, იყო მცდელობები, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად მოგვარებულიყო ლარის კურსის გაუფასურების პრობლემა. მეჭიაურის თქმით, მთავრობის წევრებს და ფინანსთა მინისტრს ცალ-ცალკე და ერთადაც მის კაბინეტში კონფედენციალური შეხვედრა ჰქონდათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, რომელიც მაინც გამჟღავნდა.

 

”ჟურნალისტები იყვნენ ამის შემსწრენი. როდესაც მან [ქადაგიძემ] გვკითხა, რას მოითხოვთო ჩემგან, უბრალოდ, ვუთხარით: ხომ შეგიძლია, რომ, დავუშვათ, რეფინანსირების წესები უფრო არ გაზარდო. მისგან იყო დაპირება და თხოვნაც, რომ მოკლე პერიოდში ამას გავაკეთებ და იქნება შედეგი, მაგრამ თუ არ იქნება შემხვედრი ნაბიჯები მთავრობის წევრებთან, იქ ბიუჯეტის კორექტირება და კიდევ სხვა საკითხები, გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ მისი ქმედება საკმარისი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ დავეთანხმეთ. ფინანსთა მინისტრის მხრიდანაც იყო მზადყოფნა, რომ ასევე გაეკეთებინა ბიუჯეტის კორექტირება და წარედგინა პარლამენტისთვის. ასევე, იყო საუბარი ინვესტიციების მოზიდვასა და პრივატიზაციის საკითხებზე, მაგრამ მეორე დღესვე დაირღვა ის შეთანხმება. თუ არ ვცდები, 307 მილიონით გაზარდა მეორე დღესვე რეფინანსირების სესხი. ეს კულუარული შეთანხმებაც არ ყოფილა,” – აცხადებს თამაზ მეჭიაური ”იმედთან” საუბრისას.

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბანკების გაკოტრების საქმეში ”კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში დაადაანაშაულა. ტელეკომპანია ”იმედთან” საუბრისას მეჭიაურმა ამ ბრალდების არგუმენტად ქადაგიძის მიმართ პროკურატურაში შეტანილი სარჩელები და ზურაბ ადეიშვილთან მისი კავშირი დაასახელა:

 

”მე ამის შესახებ შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ შემოსულია სხვადასხვა ბანკების მეწილეების მხრიდან აქაც, პროკურატურაშიც და დღესაც მიმდინარეობს დავა. მე როგორც ვიცი, საქმე აღძრულია, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ქადაგიძე სხვადასხვა დროს ყველა ამ [საკითხში] მონაწილეობდა, მიანიშნებს იმას, რომ ის ყოველთვის იყო ადეიშვილის…”

 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქადაგიძე დატოვებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პოსტს, ლარის კურსი მაინც ვერ დასტაბილურდება.

 

”მხოლოდ ქადაგიძე არ არის პრობლემა. ეროვნული ბანკის საბჭოა პრობლემა, თუმცა ამ პრობლემის საპირწონედ, კიდევ ვიმეორებ, დროზე უნდა შეიქმნას ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც მიადევნებს თვალს ყველა ამ პრობლემის გადაჭრას,” – ამბობს მეჭიაური.

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის უმოქმედობასა და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს ცოტა ხნის წინაც დაუკავშირა. მისი აზრით, დოლარის კურსის გამყარების მიუხედავად, ლარის გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.


საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის 17 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარი 2.3231 ლარია.

 

2014 წლის 25 ნოემბრიდან მოყოლებული ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ექვსჯერ განახორციელა და, ჯამში, 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

თამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური

მასალების გადაბეჭდვის წესი