ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კორონავირუსის გამო

16 მარტი, 2020 • 1707
სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კორონავირუსის გამო

სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობა ძალაში დღეს, 16 მარტს, 17:00 საათზე შედის და 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

ჩვეულებრივ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოქალაქეთა გარკვეული უფლებების შეზღუდვას გულისხმობს. დეტალები, კონკრეტულად რა ზომებს მიიღებენ ქვეყანაში, მალე დაზუსტდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი პაციენტი, რომელსაც ვირუსით ინფიცირება პირველ მარტს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის სომხეთში ყველა საგანმანათლებო დაწესებულებას შეჩერებული აქვს ჩვეულებრივი ფუნქციონირება; ამასთან, საზღვრები ჩაკეტილია საქართველოსთან და ირანთან (სომხეთს დანარჩენ ორ მეზობელთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ისედაც ჩაკეტილი აქვს საზღვრები).

სომხეთის მთავრობამ რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, 2 კვირით შეზღუდოს მოქალაქეების მიმოსვლა და უზრუნველყოს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი