ახალი ამბები

გადავადდეს შშმ პირთა კანონპროექტზე მუშაობა – არასამთავრობო ორგანიზაციები

16 მარტი, 2020 • 974
გადავადდეს შშმ პირთა კანონპროექტზე მუშაობა – არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მოითხოვს, დროებით შეწყდეს “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ” კანონპროექტის და თანმდევი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, კანონპროექტზე მუშაობისას აუცილებელია შშმ პირთა თემის წარმომადგენლების, მშობლების და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობა. თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ჯგუფი განსაკუთრებით მოწყვლადად ითვლება, მათი საჯარო სივრცეებში ყოფნა უნდა შეიზღუდოს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროეტის განხილვაში ამ ჯგუფის მონაწილეობა დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, შშმ თემის ჩართულობის გარეშე მათთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობა აზრს მოკლებულია და ეწინააღმდეგება გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას.

“ასევე აღვნიშნავთ, რომ კითხვის ნიშნებს აჩენს აღნიშნულ კანონპროექტზე ფორსირებულ რეჟიმში მუშაობა და შშმ თემის პრაქტიკულად ჩამოშორება სადისკუსიო პროცესს. საგულისხმოა ისიც, რომ “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების საპარლამენტო განხილვამდე დაგეგმილი იყო სამუშაო შეხვედრა შშმ თემის და მათ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით, რაზეც გვქონდა რიგი წინადადებები და შენიშვნები. სწორედ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის ორჯერ გადაიდო. პირველ შემთხვევაში- ბორჯომში, შემდეგ კი თბილისში ჩაიშალა სამუშაო შეხვედრები. სწორედ ამიტომ, სრულიად გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ჩვენ გარეშე – ჩვენივე პრობლემებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა”, – წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, რომ ქვეყანაში არსებული საფრთხიდან გამომდინარე, გადაიდოს კანონპროექტის 16 მარტს დაგეგმილი განხილვა:

“მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და იუსტიციის მინისტრს: ქვეყანაში არსებული სახიფათო მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას და თემში ძალიან ბევრი შეკითხვებია, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გადაიდოს ხვალინდელი განხილვა და საკითხზე მუშაობას დავუბრუნდეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემენ რეკომენდაციას, რომ საგანგაშო პერიოდი ჩავლილია. ნუ გვაყენებთ გამოუვალ მდგომარეობაში და ნუ შევუქმნით პირდაპირ საფრთხეს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და რისკ-ჯგუფში შემავალ ჩვენს მოქალაქეებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ მიმართავს ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

კოალიცია “მოძრაობა ცვლილებებისთვის”; საია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; EMC – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; პლატფორმა “ახალი შესაძლებლობებისთვის”; პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის; PHR -პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; PIC – მშობელთა საინფორმაციო ცენტრი; ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ; ფონდი “აურეს” – Aures Foundation MAEE – მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია.

16 მარტის შუადღის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით დაინფიცირების 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი