ახალი ამბები

კორონავირუსის ფონზე გამოსახლებები დროებით შეაჩერეს

16 მარტი, 2020 • 1916
კორონავირუსის ფონზე გამოსახლებები დროებით შეაჩერეს

კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით, სახელმწიფომ გამოსახლებები დროებით შეაჩერა.

„13 მარტიდან სხვიის მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე სააღსრულებო წარმოებები შეიზღუდა“, – უთხრეს „ნეტგაზეთს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში.

უწყების პრესსამსახურში ასევე დაგვიდასტურეს, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარება გახდა.


უფლებადამცველები არაერთი წელია, საქართველოში არსებულ გამოსახლების პრაქტიკას აკრიტიკებენ. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აცხადებს, რომ ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმების მიუხედავად, ქვეყანაში ამ მიმართულებით მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა:

„არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დიდი ნაწილი საერთაშორისო სტანდარტებთან კვლავ შეუსაბამო რჩება. გამოსახლების რისკის წინაშე მდგომი და გამოსახლებას დაქვემდებარებული შინამეურნეობების მნიშვნელოვანი რაოდენობა უმძიმეს სოციალური მოწყვლადობის მდგომარეობაში, მათ შორის, უსახლკაროდ, აღმოჩენის რისკის ქვეშ არიან“, – წერს EMC 2020 წლის თებერვალში გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, უკანასკნელ პერიოდებში გამოსახლების შესახებ საქმისწარმოებათა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა:

„ბოლო ორი წლის განმავლობაში სსიპ-აღსრულების ეროვნულ ბიუროში უძრავი ქონების მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ 1300-ზე მეტი განცხადება შევიდა, რაც პრაქტიკულად უახლოვდება 2014-2017 წლების დაჯამებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი