ახალი ამბები

მუნიციპალურ პროგრამებში ჩართულ პედაგოგებს მარტის ხელფასები შეუნარჩუნდებათ – კალაძე

16 მარტი, 2020 • 1378
მუნიციპალურ პროგრამებში ჩართულ პედაგოგებს მარტის ხელფასები შეუნარჩუნდებათ – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მარტის თვის ხელფასი შეუნარჩუნდებათ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზების, სპორტული სკოლების პედაგოგ-მასწავლებლებს. გარდა ამისა, გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამების დაფინანსება. ამის შესახებ კალაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“როგორც იცით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და რიგი სასწავლო, სამედიცინო თუ სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების მუშაობა.

თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის გამო, რომ ამ პროგრამებში და დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ამ რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, უწყვეტად განვაგრძობთ ამ პროგრამების სახელფასო დაფინანსებას. კერძოდ, მომსახურების შეჩერების მიუხედავად გაგრძელდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზების, სპორტული სკოლების პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხით გამოწვეული პერიოდის დასრულების შემდეგ პედაგოგ-მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ გაცდენილი ყველა საათი.

გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამების დაფინანსება. სწავლების შეჩერების მიუხედავად, გაიცემა მერიის ბალანსზე არსებული კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის მწვრთნელებისა და პედაგოგების მარტის თვის სახელფასო ანაზღაურება, მათ შორის საუბარია ხელოვნების სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებზეც.

ჯამში, ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამებში ჩართულ 2500-მდე პედაგოგის, მწვრთნელისა და თერაპევტის ხელფასების დაფინანსებას, რომლებიც სასწავლო პერიოდში ყოველთვიურად 25 000-მდე ბავშვსა და ახალგაზრდას ემსახურებიან”, – განაცხადა კალაძემ.

16 მარტის შუადღის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით დაინფიცირების 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი